ონლაინ თაღლითობის შედეგად საქართველოში უკვე რამდენიმე მოქალაქე დაზარალდა.
არასანქცირებული გადარიცხვები განხორციელდა როგორც სათამაშო ბიზნესის ანგარიშზე, ასევე ჩვეულებრივ სადებეტო ანგარიშებზე. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტთაღლითობის შესახებ ეროვნულმა ბანკმაც და ბანკების ასოციაციამაც მოსახლეობა რამდენჯერმე გააფრთხილა, მაინც არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი უყურადღებოდ იქცევა, რითაც კარგად სარგებლობენ ინტერნეტთაღლითები.
არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ხშირია, ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტ-ბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები ახორციელებენ არასანქცირებულ გადარიცხვებს.
თაღლითობის ზემოთ აღწერილ ფორმას ფიშინგი ეწოდება. ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას მისდის შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისათვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. ფიშინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.
ამიტომ „ბიზნესპრესნიუსი“ კიდევ ერთხელ გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ინტერნეტთაღლითობისგან.
· ინტერნეტბანკით სარგებლობისას, ჯერ დარწმუნდით, რომ იმყოფებით სასურველი კომერციული ბანკის ვებ-გვერდზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბანკებს მხოლოდ ერთი ოფიციალური მისამართი აქვთ. აუცილებლად დაიმახსოვრეთ ისიც, რომ თუნდაც ერთი სიმბოლოთი ნაკლებობა ან მეტობა, ან სხვა სახელით არსებობა, ნიშნავს იმას, რომ თქვენ თაღლითის შესაძლო სამიზნე ხართ.
· მნიშვნელოვანია ასევე, რომ არავის გადასცეთ ინტერნეტ და მობილბანკში შესასვლელი სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი, ისინი მხოლოდ თქვენია.
· არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი Wi-Fi ქსელი.
· არ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში „Public Wi-F“i-ის ქსელიდან, შეეცადეთ არ გამოიყენოთ Bluetooth თქვენს ტელეფონში თუ ის არ გჭირდებათ;
· შეეცადეთ, რომ თქვენი ინტერნეტ და მობილბანკის პაროლი იყოს უნიკალური, არ გქონდეთ ეს პაროლი გამოყენებული სხვა გვერდებზე; სასურველია, რომ პაროლი იყოს რთული, რომელიც შეიცავს ციფრებს, დაბალი და მაღალი რეგისტრის სიმბოლოებს - ამითი თქვენ უფრო მეტად იცავთ თქვენს პირად საბანკო ინფორმაციას. ასეთი პაროლის გამოცნობა და გატეხვა საკმაოდ რთულია.
· არ შეინახოთ ავტომატურ რეჟიმში თქვენი პაროლი ინტერნეტსივრცეში;
· არ შეინახოთ პაროლი დაუცველ ფაილებში მაგალითად, თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში, გამოიყენეთ password manager პროგრამა, თუ გიჭირთ პაროლის დამახსოვრება;
· კომპიუტერსა და ტელეფონში, საიდანაც სარგებლობთ ინტერნეტ და მობილბანკით პერიოდულად გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები;
· არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები, CVV კოდი, პინკოდი;
· უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს. ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური ქსელებიდან მიღებული ფინანსური შემოთავაზებები. სიფრთხილე გამოიჩინეთ აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობის განხილვისას და დარწმუნდით, რომ მიღებული შეთავაზება არის ლეგიტიმური და არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს.
· გადახდის სანდო წყარო. ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.
· არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე;
· ნუ ენდობით იმეილებს, რომლებიც თქვენგან პირადი ინფორმაციის ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვს. თქვენი ბანკი არასდროს მოგთხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას ელ-ფოსტით.
თუ ზემოთჩამოთვლილ წესებს გაითვალისწინებთ და დაიცავთ, თქვენი საბანკო ანგარიშებიც დაცული იქნება.
(R)