საქართველოში ჟოლოს სეზონი უკვე ორი კვირაა დაიწყო. როგორც პროდუქტის მწარმოებელი შპს „ფრეშ ბერისის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი ალექსი იუკურიძე აცხადებს, ჟოლოზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მკვეთრად აღემატება მიწოდებას.
შპს „ფრეშ ბერისი“ სიღნაღში 2017 წელს, პროექტის - „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით დაფუძნდა. პლანტაციების საერთო ფართობი 15 ჰექტარია, საიდანაც 5 ჰექტარი ჟოლოს, 10 ჰექტარი კი მაყვალს უკავია. კომპანიამ პირველი სამრწეველო მოსავალი სწორედ წელს მიიღო.
როგორც შპს „ფრეშ ბერისის“ დრექტორი East fruit-თან საუბრისას აცხადებს, კარგი ხარისხის ჟოლოს შეძენა პირდაპირ ბაღიდან 8 ლარი ღირს, შეკვეთა კი გაცილებით ძვირია.
„დღეის მდგომარეობით ჟოლოზე მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ამას ხელი შეუწყო არასასურველმა ამინდებმა, რამაც გარკვეულ ადგილებზე მოსავალი დააზიანა. ამას ემატება ისიც, რომ ადრეული ჟოლოს ჯიშები საქართველოში არც თუ ისე ბევრია. ამის გამო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებში ჟოლო მხოლოდ დილის საათებშია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასებს, ბაზარში 6 ლარიდან იწყება (ხარისხის მიხედვით იზრდება), სუპერმარკეტებში კი 12-13 ლარიდან. ივნისის შუა რიცხვებიდან, როდესაც ჟოლოს სეზონი ოფიციალურად იწყება, ფასები შედარებით იკლებს, თუმცა ამჯერად რამდენით შემცირდება, წინასწარ ვერ გეტყვით“,-აცხადებს ალექსი იუკურიძე.
მისივე ინფორმაციით, მათი კომპანიიდან პროდუქტის მყიდველები ძირითადად სუპერმარკეტები, სადისტრიბუციო კომპანიები და გადამყიდველები არიან. როგორც ალექსი იუკურიძე აღნიშნავს, რამდენიმე დღეში მათი ჟოლო დიდ ქსელურ მარკეტშიც გამოჩნდება.
რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის დირექტორის თქმით, პროდუქტი საცდელად უკვე გადაეგზავნა რუსეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და ყატარს. სამომავლოდ კი „ფრეშ ბერისი“ Global G.A.P-ის სერთიფიკატის მიღებასაც გეგმავს, რათა ჟოლო ევროპის ბაზარზე გაიტანოს.