კომპანია Facebook-ი აშშ-ის ტექსასის შტატის დასავლეთ ნაწილში მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. აღნიშნული ელექტროსადგური შტატების მასშტაბით განახლებადი ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი გახდება. ამის შესახებ Associated Press წერს.
სააგენტოს ცნობით, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი მმართველობის ქვეშ არსებული კომპანია 6 ახალი პროექტის რეალიზებას აპირებდა, რომლებიც დაკავშირებული იქნება მზის ელექტროსადგურებთან მისივე მონაცემთა ცენტრების (დატა ცენტრების) ელექტროენერგიით მოსამარაგებლად. ეს ცენტრები ათიათასობით კომპიუტერის პროცესორებს აერთიანებენ, რომლებიც სამყაროსთან კავშირს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით ამყარებენ.
ტექსასური პროექტის ელექტროსადგური Prospero Solar-ი გახდება მზის ენერგიის ერთ-ერთი უმთავრესი მწარმოებელი მსოფლიოში. ის განლაგდება 18 კვ.კმ ფართობზე და 379 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საკმარისი იქნებოდა მაგალითად 72,000 სახლის ენერგომოხმარებისთვის.
ცნობისათვის, Facebook-ის მონაცემთა ცენტრები უკვე არიან ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტურები მსოფლიოში. კომპანიის მიზანია მისი ცენტრები და ოფისები მთლიანად გადაიყვანოს განახლებადი ენერგიით მომარაგებაზე უკვე 2020 წლისთვის.