მშენებლობაზე დასაქმებულმა  4 ათასზე მეტმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა – დარგში დასაქმებულთა რიცხვი მცირდება

მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 175 კაცით, ხოლო 2018 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით - 12 745 ადამიანით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში დარგში დასაქმებული იყო 59 662 ადამიანი. მაშინ როცა 2018 წლის 1-ელ კვარტალში სექტორში 63 837; ხოლო მე-4 კვარტალში - 72 407 პირი იყო დასაქმებული.

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ, რომ დარგში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა შესაძლოა, სამუშაო დაკარგოს. ეს კი მათი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრიდან საფინანსო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებს უკავშირდება.

კერძოდ, როგორც მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი გასულ თვეებში აცხადებდა, რეგულაციების შედეგად დეველოპერულ კომპანიებს გაყიდვები დაახლოებით, 30-35%-ით შეუმცირდათ. შედეგად კი მისი პროგნოზით, საერთო დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 10% -ით შემცირდებოდა, ხოლო დაახლოებით 20%-ს შემოსავალი გაუნახევრდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან საფინანსო სექტორისთვის ამოქმედდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის აღება აეკრძალათ. ასევე შეიცვალა სესხის კოეფიციენტები და მისი მოცულობის ლიმიტიც. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები უკვე შეუქმნა ბიზნესს (ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო სექტორი) და ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

თაია არდოტელი