2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1 466.8 მლნ აშშ დოლარი (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.3 მლნ აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები) იყო.
ამასთან, იანვარ-მაისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 025.5 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება.