დაწყებულია 20 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც დაახლოებით სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანად დაფარავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სტიქიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისა და რისკების შეფასების პროექტის მიმდინარეობის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც მინისტრი განმარტავს, ვერეს ხეობაში, ასევე დევდორაკზე უკვე დამონტაჟებულია აღნიშნული სისტემა, ამასთან, ეტაპობრივად მომდევნო სამ წელში ადრეული შეტყობინების სისტემები ყველა კრიტიკულ ადგილას დამონტაჟდება.
„დღეს 13 ივნისია, იცით, რომ თბილისში მოხდა სტიქია რამდენიმე წლის წინ. ვერეს ხეობაში დამონტაჟდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც პირველი ნაბიჯია ამ კუთხით, ასევე იცით, რომ ჩვენ დევდორაკზე გვქონდა რამდენიმე სტიქიური მოვლენა და იქაც გვქვს ადრეული შეტყობინების სისტემები. მსგავსი ავტომატური შეტყობინების სისტემები უნდა დამონტაჟდეს საქართველოში ყველა კრიტიკულ ადგილას, კრიტიკულ ხეობებში და ასეთი საკმაოდ ბევრია ,“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.