იმისთვის, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2016 წელს დადებული პირობა შესრულდეს, 1 წელში 733 კილომეტრი გზა უნდა დააგოთ. მეტი არ იქნა ჩემი მტერი, ეგ გაკეთდეს, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიმართა, სადაც გიორგი კაკაურიძე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს.
როგორც კაპანაძემ განაცხადა, 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ 2020 წლისთვის 800 კმ გზა დაიგებოდა.
„პრობლემა იცით რა არის? თქვენ აქ ყოველთვის მოდიხართ, აკეთებთ წინა წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარმოდგენას და მერე მოდიხართ და მომდევნო წლის ბიუჯეტს წარმოადგენთ ხოლმე. ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი მთავარი კითხვა ყოველთვის ეხებოდა ინფრასტრუქტურის ხარჯებს. როდესაც 2016 წელს აქ მოვიდა მთავრობის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, გვითხრა, რომ ყბადაღებული 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კმ გზა უნდა დაგებულიყო და 3.5 მილიარდი აშშ დოლარი უნდა დახარჯულიყო. მაშინ ვეუბნებოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო და ახლა დადასტურდა, რომ მართლები ვიყავით. ახლა აღმოჩნდა, რომ თქვენ იმ პირობის შესასრულებლად 733 კმ გზის, მათ შორის 505 კმ ავტობანის დაგება მოგიწევთ 1 წელიწადში, რაც არის აბსურდი. მეტი არ იქნა ჩემი მტერი, ეგ გაკეთდეს. მათ შორის თქვენც მოდიოდით ხოლმე ბატონო გიორგი, აქ და გვიმტკიცებდით, რომ ეს იყო შესაძლებელი. ამიტომ ახლა ნუ გიკვირთ, როდესაც ამ დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით ვსვამთ კითხვებს,“ - მიმართა კაპანაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.