მშენებლობებზე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, გაზრდილია არა სტატისტიკური მონაცემები, არამედ აღრიცხვიანობა.
„ოფიციალურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო პერიოდში რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადო, იმის მიხედვით გაიზარდა აღრიცხვა უბედური შემთხვევების, რომელიც სამუშაო ადგილებზე მოხდა, თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა იდენტიფიცირება, შსს-მ გააუმჯობესა თავისი მეთოდოლოგია, შესაბამისად, დღეს ჩვენ უკეთესად ვხედავთ უბედურ შემთხვევებს. ასევე გაუმჯობესდა რეფერირება სასწრაფო დახმარების მხრიდან. თუმცა, თუ გადავხედავთ პროფესიული კავშირების მიერ დადებულ სტატისტიკას და ასევე ჩვენ სტატისტიკას, რეალურად, უბედური შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2018 წლის სექტემბრიდან წელიწადზე ნაკლებია გასული, რაც ეს კანონი მოქმედებს, ვფიქრობთ, საკმოდ ეფექტურია კანონის აღსრულება დამსაქმებლების მიერ, მაგრამ არასაკმარისი. ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას არა მარტო ჩვენი, როგორც ზედამხედველი ორგანოს, არამედ დამსაქმებლების მხრიდან",- განაცხადა ბარკალაიამ.
მინისტრის მოადგილემ კანონის აღსრულების მექანიზმის მუშაობის პრინციპიც განმარტა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორს რამდენიმე უწყება ერთობლივად შეამოწმებს.
„ვინაიდან სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოთა სფეროში, გადავწყვიტეთ სამუშაო შეხვედრები ვაწარმოოთ სამშენებლო სექტორთან. ასევე, მძიმე სტატისტიკაა როგორც გარდაცვალების, ასევე სამუშაო ტრავმების, რის გამოც გადაწყდა შეიქმნას ინტეგრირებული ინსპექტირების ჯგუფი სამი საზედამხედველო ორგანოსი - შრომის ინსპექცია, მერიის საზედამხედველო სამსახური და ასევე ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ინსპექტირების სამსახური. ინტეგრირებული ჯგუფი ერთი ვიზიტის ფარგლებში განახორციელებს ინსპექტირებას, შეამოწმებს ყველა იმ სფეროს, რომელიც მათ კომპეტენციას ეხება, გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს ან დააწესებს ჯარიმებს. თუმცა, ჩვენ სამივე ორგანო ცალ-ცალკეც გავაგრძელებთ საქმინობას“, - განაცხადა ბარკალაიამ.