"ვარკეთილში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება"

ვარკეთილში "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია.

"ინტერესთა გამოხატვა იყო გამოცხადებული. არის გამარჯვებული კომპანია. ეს არის პირველი საპილოტე პროექტი ვარკეთილში. უახლოეს მომავალში, ალბათ, დაიწყება მშენებლობა", - განაცხადა კალაძემ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტით დაინტერესება კომპანიამ „ვარკეთილი დეველოპმენტი“ გამოხატა. გამარჯვებულიც სწორედ ისაა, რასაც დედაქალაქის მერიაც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ ვარკეთილის მე-3 მასივში ავარიული კორპუსების - ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა აქამდე დაინტერესება არცერთ სამშენებლო კომპანიას არ გამოუთქვამს.