„ხვანჭკარას” ადგილწარმოშობის ადგილას წარმოების დაწყება სავარაუდოდ, ერთი წლით გადავადდება, - ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.
როგორც მინისტრი აცხადებს, მისი უწყება საკითხზე მუშაობს, ინიციატივის სავარაუდო გადავადების დრო კი ერთი წელია.
„სავარაუდოდ, ეს ერთი წლით გადაიწევს, მაგრამ ამაზე მიდის მუშაობა და ჯერ ვერ დავადასტურებ გადაიწევს თუ არა. ეს ცვლილება ქმნის სტიმულს, რომ ადგილზე მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, თუმცა იმისთვის, რომ რთველმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს და ყურძნის დაბინავების პრობლემა არ შეიქმნეს, შეიძლება გარკვეული ერთწლიანი გადავადება იყოს საჭირო,"-აცხადებს ლევან დავითაშვილი.
სოფლის მეურნეობის მინისტრი „ხვანჭკარას“ გადამუშავების პროცესის უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში დაწყების შესაძლო ერთწლიანი გადავადების მიზეზად, ხვანჭკარას მიკროზონაში შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეების არარსებობას ასახელებს. მისივე თქმით, ვენახების გაშენება უფრო ინტენსიურად მიდის, ვიდრე საწარმოო სიმძლავრეების შექმნა, ამიტომ რთველის შეუფერხებლად წარმართვისთვის გადავადების საჭიროება დგება.
„წელს მოსავალი რამდენიც გვაქვს, იმდენი სიმძლავრე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხვანჭკარაში დავიწყეთ საგრანტო დაფინანსება, რათა საწარმოები გაჩენილიყო, რეალურად იქ საწარმოო სიმძლავრე არ არსებობს. თუ რამე საწარმოო სიმძლავრე შეიქმნა ბოლო წლებში, ეს მოხდა სახელმწიფოს დახმარებით. საკრედიტო პროგრამას მთელს ქვეყანაში ვახორციელებთ, ასევე კონკრეტულად ხვანჭკარის მიკროზონისთვის საგრანტო დახმარება გვაქვს საწარმოო სიმძლავრეების შესაქმნელად. საკმაოდ ინტენსიურად მიდის ახალი ვენახების გაშენება. თუ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის 400 ტონამდე ყურძენი მოდიოდა 2012 წლისთვის, ახლა 1500 ტონაზე მეტ მოსავალს ველოდებით. ამას სჭირდება დაბინავება, ამიტომ საწარმოო სიმძლავრე უნდა იყოს ადეკვატური ,“-აცხადებს მინისტრი.
კითხვაზე, განიხილება თუ არა მსგავსი ინიციატივა „ხვანჭკარას“ გარდა სხვა ღვინოებთან მიმართებაშიც, მინისტრი აცხადებს, რომ „სხვაგან ეს აქტუალური არ არის“.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე „ხვანჭკარას“ გადამუშავების პროცესის უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში დაწყება იყო დაანონსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების - მუჯურეთულის და ალექსანდროულის გამოტანა აღარ მოხდება.