2017 წლის 1-ლი ივლისიდან 2019 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში ლარით ფასის მითითების დარღვევის 801 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან სანქციის სახით გაფრთხილება 736 შემთხვევაშია გამოყენებული; ხოლო ფულადი ჯარიმა 62 პირს დაეკისრა.
ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამართალდარღვევებზე ჯამში, 77 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმაა გამოწერილი.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, რეგულაციის ამოქმედებიდან ფასის ლარით მითითების წესი ძირითადად სამშენებლო საქმიანობის, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ონლაინ სერვისსა და ონლაინ რეკლამებში ირღვევა.
რაც შეეხება მხოლოდ მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2019 წელს (1-ელ ივნისამდე პერიოდში) სულ 120 სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. 118 შემთხვევაში სანქციის სახით გაფრთხილება, ხოლო ორ შემთხვევაში ჯარიმა გამოიწერა. ჯამში, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში ქონების ფასის ლარით მითითების წესის დარღვევის გამო დაკისრებულმა ფულადი სანქციის ოდენობამ 2000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სფეროებს, სადაც კანონი დაირღვა 2019 წელს, სამართალდამრღვევი პირები ონლაინ რეკლამების, ტურისტული კომპანიების, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითა და გაქირავებით იყვნენ დაკავებული.
შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 1 000 ლარით განისაზღვრება. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას კი, მეწარმე სუბიექტი 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.