ბათუმში ახალი ელექტროავტობუსები წლის ბოლოდან იმოძრავებს

ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. ამის შესახებ ბათუმის მერიიდან იუწყებიან.

როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარმოდგენილ დოკუმენტაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 30 დღის განმავლობაში განიხილავს და საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს. ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა.

ტენდერის პირველ ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაცია სამმა კომპანიამ წარმოადგინა. წარმოდგენილი წინადადებების განხილვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა განახორციელეს. პირველი ეტაპი სამივე კომპანიამ გადალახა. მეორე ეტაპზე კი, ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარმოადგინა. ელექტროავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაბალპროცენტიანი სესხითა და მოპოვებული გრანტის საშუალებით ხორციელდება.

ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში წლის ბოლომდე გამოჩნდება. ელექტროავტობუსების ფერის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის ფარგლებშიც, გვაქვს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში, მუნიციპალურ ავტოპარკში 10 ახალი ელექტროავტუბუსის შემატებაზე. პირველი ეტაპი რამდენიმე თვის წინ წარმატებით განხორციელდა. სამმა კომპანიამ გადალახა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დღეს, ჩვენ ამ სამი კომპანიიდან ველოდებით ფინანსურ წინადადებებს. ფინანსური წინადადებები უკვე წარმოადგინა პოლონურმა და ბელორუსულმა კომპანიებმა და ველოდებით შემფასებელი კომისიის საბოლოო დასკვნას ამ წინადადებების გამართულობის შესახებ და ასევე, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, რაც უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში მოხდება. მთელი ეს პროცედურები ტარდება ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების ჩართულობით, მათი სატენდერო პირობების, კრიტერიუმებისა და წინადადებების მიხედვით“, - განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.