სოფელი ინდოეთში, რომელიც კაშხლის აშენების შემდეგ წლის 11 თვე წყლითაა დაფარული

სოფელი ქურდი ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, გოას შტატში მდებარეობს. აღნიშნული სოფლის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი ხილვა წელიწადში მხოლოდ ერთი თვის განმავლობაშია შესაძლებელი. დარჩენილი თერთმეტი თვის მანძილზე კი სოფელი წყლით იფარება. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ტერიტორია წყლისგან თავისუფლდება, ადგილობრივები, რომლებიც ადრე აქ ცხოვრობდნენ, უკან ბრუნდებიან და ზეიმით აღნიშნავენ მათთვის ამ მეტად განსაკუთრებულ მოვლენას.

სოფელი ქურდი ორ მთას შორისაა მოქცეული. მის სიახლოვეს მიედინება გოაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარე სალაულიმი. აღსანიშნავია, რომ ქურდი, სადაც 3000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ინდოეთის სხვა სოფლებისგან არაფრით გამოირჩეოდა. 1986 წელს, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კაშხლის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, მოსახლეობა იძულებული გახდა გადასახლებულიყო, რის შედეგადაც სოფელი მთლიანად დაცარიელდა. ხელისუფლებამ მათ ალტერნატიული ტერიტორია გამოუყო და ფინანსურად დაეხმარა.

მას შემდეგ, რაც კაშხალი აშენდა სოფლის ტერიტორია მთლიანად წლით დაიფარა. თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, ყოველი წლის მაისში, როდესაც ძლიერი სიცხის გამო კაშხალში წყლის დონე მკვეთრად იკლებს, სოფლის ტერიტორია წყლისგან მთლიანად თავისუფლდება და პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.

ადგილობრივები კი სიხარულით უბრუნდებიან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებს. ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ მათთვის ძვირფას ადგილებში და თვის განმავლობაში არაერთხელ სტუმრობენ მას. ამასთანავე, კაშხლის აშენებამდე სოფელში ინდუიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის მიმდევრები ერთად ცხოვრობდნენ, ახლა კი წყლის დონის დაწევის შემდეგ ისინი საკუთარი სამლოცველოების ნანგრევებს უბრუნდებიან და ლოცვას აღავლენენ.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სოფელ ქურდის მოსახლეობის იდენტობა დიდწილად დამოკიდებულია მათ მიწაზე. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ უძნელდებათ მათ სოფლის ტერიტორიასთან განშორება მისი დატოვებიდან 30 წლის შემდეგაც კი.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა