დასვენება ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე - როგორ დაიწყო  ახალი სეზონი  „ჯუთა ჰაუსმა“

„ჯუთა ჰაუსი“ სულ მალე წვეულებებსაც უმასპინძლებს. როგორც სასტუმროს მფლობელი ნანუკა არაბული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამის საჭიროება მოთხოვნამ განაპირობა, ისევე როგორც კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა. მისი თქმით, სოფელ ჯუთაში, კიდევ ერთი, 9-ნომრიანი სასტუმრო აშენდა, რომელიც „ჯუთა ჰაუსის“ მსგავსად, მამის, გიგლა არაბულის დაპროექტებულია.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო 2013 წლიდან ფუნქციონირებს, 83 წლის ადგილობრივმა გიგლა არაბულმა მისი მშენებლობა გაცილებით ადრე დაგეგმა. მაშინ იდეას ადგილობრივები სკეპტიკურად შეხვდნენ, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარე სოფელში სასტუმროს ფუნქციონირება ვერ წარმოედგინათ. დღეს იქ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასტუმრო „ჯუთას სახლი”, იგივე - JUTA HOUSE-ია, რომელსაც დამსვენებლები „დედამიწის სამოთხესაც“ უწოდებენ.

სასტუმროს ამჟამად 83 წლის გიგლა არაბულის შვილი, ნანუკა არაბული მართავს, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „მამა კარგად არის და მუშაობის მოტივაციას დღემდე არ კარგავს“.

„სეზონი უკვე გავხსენით. გაუმჯობესებული მომსახურებითა და განახლებული კერძებით ვხვდებით მომხმარებლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა, დავამატეთ კორპორატიული საღამოებისთვის, წვეულებებისთვის, პრეზენტაციებისთვის, კონფერენციებისთვის და ა.შ. სივრცე. რომელიც მანამდე არ გვქონდა და ამისთვის ვიყენებდით ვერანდას, რომელიც ახლა გადავხურეთ. სავარუდოდ, 2 კვირაში 30-40 კაციანი ჯგუფების გამასპინძლებას უკვე შევძლებთ. აღნიშნული სივრცე განკუთვნილი იქნება მათთვისაც, ვინც შესაძლოა, ჩვენს სასტუმროში საერთოდ არ რჩება, მაგრამ გარკვეული აქტივობებისთვის, ან თუნდაც დაბადების დღის აღსანიშნავად ერთი დღით სჭირდება ადგილი“, - აცხადებს ნანუკა არაბული.

მისივე თქმით, წლევანდელი სეზონი ტურისტების განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, მაშინ როდესაც ბოლო წლებში ადგილობრივებისა და ტურისტების ჯავშნები თითქმის თანაბრად იყო.

„პირველი ორი წელი იყო პერიოდი, როდესაც ქართველები თუ მოდიოდნენ, გვიკვირდა კიდეც. სულ ტურისტებზე ვმუშაობდით. შემდეგ ადგილობრივებიც გააქტიურდნენ. წლევანდელი ჯავშნები კი ძირითადად უცხოელებზე მოდის. მეტიც, ამდენი ტურისტი გასულ წლებში არასდროს გვყოლია. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს ჩინეთიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან, გერმანიდან და ა.შ.“ - აცხადებს ნანუკა არაბული.

სწორედ გაზრდილი მოთხოვნის გამო, არაბულების ოჯახმა კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა გადაწყვიტა, რომელიც ნანუკა არაბულის თქმით, განსხვავებულ სეგმენტზე იქნება გათვლილი და ძირითადად, ერთი ღამის გათევის მსურველებს უმასპინძლებს.

„ჯუთაში უკვე დავასრულეთ მეორე ობიექტის მშენებლობა. ახლა შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელში აშენდა ეკლესია და სწორედ მასთან არის ახლოს. სახელწოდებაზე ჯერ ისევ ვფიქრობთ, თუმცა იგივე ტიპის არის, როგორიც „ჯუთა ჰაუსი“, ექსტერიერით სოფელთან სრულ შესაბამისობაში მოდის. სავარაუდოდ, ერთ თვეში გავხსნით, თუმცა ეს უფრო სხვა სეგმენტზე იქნება გათვლილი. კერძოდ, მათზე, ვინც ერთი დღით ჩამოდის და ღამის გასათევს ეძებს. ასე იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან როგორც წესი, ნომრები წინასწარ არის დაჯავშნილი და ერთი ღამისთვის ადგილები არასდროს გვაქვს“,- აღნიშნავს ნანუკა არაბული.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მხოლოდ 4 თვის განმავლობაში, 1–ლი ივნისიდან 1–ელ ოქტომბრამდე მუშაობს. ამის მიზეზი გზის პრობლემაა. როგორც ნანუკა არაბული ამბობს, ხელისუფლებამ საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა, თუმცა ზამთარში ისევ არ იწმინდება, შესაბამისად, სტუმრების მიღებაც შეუძლებელია.

„გრუნტიანი და ძალიან ვიწრო გზა იყო, სადაც ორი მანქანანა ვერ სცდებოდა ერთმანეთს. შარშან დაიწყეს გზის რეაბილიტაცია, გააფართოვეს და თუ მანამდე ჯიპის გარეშე ამოსვლა წარმოუდგენელი იყო, ახლა ყველა ტიპის მანქანა ამოდის. თუმცა ზამთარში მაინც პრობლემაა, რადგან არ იწმინდება და ისევ 4-თვიანი სეზონი გვაქვს“,-აცხადებს ნანუკა არაბული, რომელიც პრობლემებზე საუბრისას საგადასახადო სისტემის ნაკლოვანებებზეც ამახვილებს ყურადღებას.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს საოჯახო ბიზნესია, საკუთარი რესურსით როგორღაც სასტუმროს არასეზონურადაც ვინახავთ. ჩვენ გაგვიმართლა, მაგრამ როდემდე გვეყოფა ეს რესურსი? როდისღაც ხომ ამოიწურება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საგადასახადო პოლიტიკით სხვა რეგიონებთან გათანაბრებულ პირობებში არ უნდა ვიყოთ, რადგან იქ 12-თვიანი სეზონია, ჩვენთან კი მხოლოდ - 4. ზამთარში გზა რომ იწმინდებოდეს, ჩვენც შევძლებდით სტუმრების მიღებას, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის“,-აღნიშნავს ნანუკა არაბული.

ნინი ქეთელაური