თუშეთში „სამზეო“ ივლისში გაიხსნება - ლაშა პაპაშვილი გუდის ყველის წარმოებასთან ერთად  მთის ტურიზმის განვითარებას იწყებს

თუშეთში სასტუმრო „სამზეო“ მიმდნარე წლის ივლისში გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, რეგიონში ეს იქნება ყველაზე დიდი კომპლექსი, რომელიც მთის ტურიზმის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. ლაშა პაპაშვილი სწორედ ამ უკანასკნელის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს გუდის ყველის წარმოებასაც, რომელიც ბიზნესმენმა გასული წლის ბოლოს დაიწყო.

მისი თქმით, გუდის ყველის წარმოება და პროცესში ჩართულობა ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს. მასთან, პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ადგილობრივ ბაზარზე 3 დღეში 5 ტონა გუდის ყველი გაიყიდა.

როგორც ლაშა პაპაშვილი აღნიშნავს, სასტუმრო, გუდის ყველის წარმოება და მთის ტურიზმი - ეს ის მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რაც თუშეთისთვის პერსპექტიულია და ამასთან, ძველი ტრადიციების გაგრძელებას ემსახურება.

„როგორც იცით, ჩვენ თუშეთში სასტუმრო „სამზეოს“ ვაშენებთ, რომელიც გზასთან ერთად, ივლისის დასაწყისში გაიხსნება. მის მეშენებლობაში დაახლოებთ, 10 მლნ ლარამდე დავხარჯეთ. ეს იქნება 43-ნომრიანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო.

ზოგადად, როდესაც თუშეთს ვახსენებთ, აქ იგულისხმება ცხვარიც, გუდის ყველის წარმოებაც და მომთაბარეობაც. ეს ადგილობრივების ცხოვრების წესია. ამით იკვებებოდნენ, ვაჭრობდნენ და ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა. მაშინ როდესაც ეს პრაქტიკულად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში აღარ არის. ტრადიცია ყველგან მოიშალა - პოლონეთშიც, ავსტრიაშიც. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს შევინარჩუნოთ, რადგან მას ძალიან დიდი მომავალი აქვს, თუმცა ადვილი არ არის. პრაქტიკულად, წამგებიანი ბიზნესია, მაგრამ მინდა, რომ შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით ჩაგვედო ინვესტიციები“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

მისი თქმით, თუშეთში გუდის ყველის საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამჟამად ტექნოლოგიების დახვეწა მიმდინარეობს. ადგილზე კი 20 ადამიანია დასაქმებული. თუმცა პროდუქტი იმდენად მცირე რაოდენობით იწარმოება, რომ მისი ექსპორტზე გატანა არ იგეგმება.

„ექპორტზე გატანას არ ვგეგმავთ, რადგან ეს ისეთი რაოდენობაა, ფაქტობრივად, ჰაერიდან იტაცებენ. ჩვენ დაახლოებით, 3 დღეში ამოვყიდეთ 5 ტონა ყველი. მაშინ როდესაც, ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია. 1 კგ 15 ლარი ღირს“-აღნიშნავს ლაშა პაპაშვილი.

რაც შეეხება მთის ტურიზმის განვითრების ნაწილს, ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ადგილობროვები საკმაოდ აქტიურები არიან და თუშეთში ჩასულ ვიზიტორებს, კარვებს, საძილე ტომრებსა და ყველა იმ საჭირო პირობას სთავაზობენ, რაც მომთაბარეობის განუყოფელი ნაწილია.

„მთამსვლელობის მოყვარულებს თუშეთში ხვდებათ ძალიან საინტერესო გარემო. როგორც იცით, იქ არის თუშეთ-ხევსურეთის დამაკავშირებელ ბილიკი, სადაც აგვისტოს 15-შიც მოსულა თოვლი, რაც ძალიან დიდი ექსპრემია ტურისტებისთვის. სიმართლე გითხრათ, ტურიზმის ნაწილი, ეს ჩვენი საქმე არ იყო, თუმცა დაკავშირებული ბიზნესია. ამ მიმართულებით უფრო ადგილობრივების შვილები, ნათესავები მუშაობენ და გააკეთეს კიდეც სტარტაპი პროექტი. შეუძლიათ მიიღონ სტუმრები, კარვები გაუშალონ, საძილე ტომრები მისცენ და ა.შ. თუმცა, მომთაბარეობასთან ერთად, ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმიზიდველი ცხვრის ნახვა და ყველის წარმოების პროცესში ჩართვაა“,- აღნიშნავს ლაშა პაპაშვილი.