მსოფლიოში ელიტარული  უძრავი ქონება ძვირდება - რა ღირს VIP სახლები თბილისში

მსოფლიოს დიდ ქალაქებში ელიტარულ უძრავ ქონებაზე ფასი იზრდება. knight frank-ის კვლევის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 1,3% შეადგინა.

კვლევა მსოფლიოს 45 ქალაქს მოიცავს. ყველაზე მეტად უძრავი ქონება ბერლინში გაძვირდა, სადაც 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მას მოსდევს მოსკოვი 12%-ით. 9.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა ფრანკფურტში. მე-4 ადგილზე კი ტოკიო გავიდა, სადაც 8.4%-იანი ზრდა ფიქსირდება. მე-5 ადგილზე კი 7.6%-ით ედინბურგი აღმოჩნდა.

ამასთან, knight frank-ის კვლევის მიხედვით, ზოგიერთ ქალაქში ფასები პირიქით, შემცირდა კიდეც. მაგალითად, ვანკუვერში ელიტური უძრავი ქონება 2019 წლის პირველ კვარტალში 14,5%-ით შემცირდა. 9,9%-იანი კლება ფიქსირდება სტამბოლში, 5,1%-ით შემცირდა ელიტური უძრავი ქონება ლონდონში, 5%-ით - ნიუ-იორკში და 4,7%-ით დუბაიში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელი ადგილები ითვლება თბილისში ელიტარულ უბნად და რა ტენდენციები შეინიშნება ფასებთან დაკავშირებით.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თბილისში ელიტარულ ადგილად ითვლება ცენტრალურ უბნებში აშენებული საცხოვრებელი კომპლექსები.

„ელიტარულ ადგილად ითვლება დიღმის საცდელი მეურნეობა, სადაც ძირითადად კერძო სახლებია. რაც შეეხება სხვა ადგილებს, პრიორიტეტით სარგებლობს ე.წ ბენდუქიძის სახლები ბაგებში.

ზოგადად ელიტარულად ითვლება ადგილები, სადაც მთლიანი კომპლექსები შენდება. ელიტარულად ითვლება „კინგდევიდსი“, მანდაც საკმაოდ მაღალი ფასებია. „თბილისი გარდენშიც“ საკმაოდ მაღალი მოთხოვნა და ფასებია.

საერთო ჯამში, ელიტარულ ადგილად ითვლება, სადაც კარგი სამშენებლო კომპანია, მაღალი ხარისხის რემონტით მთლიან კომპლექსს აშენებს, თავისი რეკრეაციული ზონით. თუმცა ერთ-ერთი კომპანია ისანში აშენებს კარგ კომპლექსს, მაგრამ ამას ელიტარულად ვერ ჩავთვლით, რამდენადაც ის არ მდებარეობს ცენტრში. ძირითადად, ასეთ ადგილად ითვლება ვაკე, ვერა და საბურთალო", - აღნიშნა გოგუაძემ.

მისი თქმით, ფასები უბნების მიხედვით განსხვავდება და მნიშვნელოვანია ასევე ისიც, თუ რომელი კომპანია აშენებს.

„მთლიანი კომპლექსი იმას ნიშნავს, რომ შიგნით ყველაფერია - მაღაზიები, საბავშვო ბაღი, ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა. ქალაქში პატარა ქალაქია. რაც შეეხება ფასებს, როდესაც მშენებლობა იწყება, ფასი შედარებით დაბალია, თუმცა როცა უკვე კომპლექსი დასრულდება, სხვა ფასი ფიქსირდება.

ზოგადი ტენდენცია გაძვირებაა, თუმცა არა კატასტროფული. მცირედი პროცენტით გაძვირდა, თუმცა რაღაც ზღვარი არის, რასაც ვერ აცდები. მაგალითად, ბინა მაქვს გასაყიდი, რომელსაც მეპატრონე 2 800 დოლარს აფასებს, თუმცა ერთი წელია ვერ გაყიდა. საქართველოში ბაზარი ძირითადად საშუალო მომხმარებელზეა გათვლილი.

ფასები უბნების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, საბურთალოზე 1000-1500 დოლარიც არის. მნიშვნელოვანია ასევე, ვინ აშენებს,“ - აღნიშნა გოგუაძემ.

ეს კომპლექსებში, თუმცა ფასები საკმაოდ მაღალია იგივე, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიასა და დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც უძრავი ქონების სააგენტო SS.ge-ისგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ვგებულობთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე თითქმის ყველანაირი ფასის მქონე სახლს შეხვდებით. სახლების ფასები 200 000 დოლარიდან იწყება და 3-4 მილიონ ლარამდეც ადის.

ლიკა ამირაშვილი