ბიძინა ივანიშვილი, თეიმურაზ უგულავა და სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან.
„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ათეულში არის მათ შორის შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია.
ათეულში გვხვდება ასევე შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგ“-ი, რომლის ერთ-ერთი მეწილეც სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია. კერძოდ, მის საკუთრებაშია კომპანიის 24%-იანი წილი. ამასთან, კომპანიის 29.22% მისი მეუღლის, ეკატერინე ინასარიძეს სახელზეა გაფორმებული.
ათეულშია შპს „სითი ლოფტიც“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ბიზნესმენი თეიმურაზ უგულავაა. კომპანია სასტუმროებისა და რესტორნების ბიზესშია და მისი სავაჭრო მარკებია: „რუმს ჰოტელ თბილისი“, რესტორანი „ქიჩენ“ და სასტუმრო „სტამბა“.
ამ კომპანიების გარდა, „საქსტატის“ მიერ მოწოდებულ ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე: „მაგთიკომი“, „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, RMG Copper-ი, „ტოიოტა კავკასია“ და „BP ჯგუფი“.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანიები არ არის რეიტინგის მიხედვით დალაგებული.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის 1-ელ კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის 1-ელი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ცვლილება იყო საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სიაშიც. კერძოდ, 1-ლი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა ირლანდია იყო. რაც ირლანდიური კომპანიის Paddy Power Betfair (PPB)-ს მიერ აზარტული თამაშების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის "აჭარაბეთის" 51%-იანი წილის შეძენით შეიძლება აიხსნას.