მხუთავი ჰაერი ანუ საგანგაშო სტატისტიკა

ახლო მომავალში შესაძლოა საპატრულო პოლიციამ ავტომობილი გააჩეროს, თუ ის ჰაერში შავ ან ნაცრისფერ ბოლს აფრქვევს

ასთმა, თვალების გაღიზიანება, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება,­ სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - ამ ყველაფერს მტვრის მყარი ნაწილაკების ორგანიზმში მოხვედრა იწვევს, რომლებითაც დედაქალაქის ჰაერია გაჯე­რებული და დასაშვებ ზღვარს მნიშვნელოვნად აჭარბ­ებს. წლიდან წლამდე იზრდება­ ჰაერში აზოტის დიოქსიდის რაოდენობა, რომლის მთავარი წყარო შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებია. ექსპერტების შეფასებით, ვითარება საგანგაშოა, განსაკუთრებით­ სახიფათოა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში ბავშვებით სეირნობა, რადგან ჰაერის დამბინძურებლების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სწორედ ბავშვის ეტლის სიმაღლეზეა.

საქართველოში ბოლო ათწლეულში­ ჰაერის მდგომარეობა რომ მნიშვნელოვნად გაუარესდა და მოსახლეობის ჯანმრთელობას არყევს, სახელმწიფო აუდიტის ეფექტიანობის ანგარიშშიც არის დაფიქსირებული.

2016 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კვლევა ჩაატ­არა და გამოავლინა, რომ ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანო­ბის დონით საქართველო მსოფ­ლი­ოში მე-3 ადგილზეა, იელის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად კი ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს.

აუდიტის სამსახური ანგარიშში მიუთითებს,­ რომ მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის მაღალი ხარისხის სტანდ­არტის დაცვა, რადგან საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების გამოქვეყნებული­ არასახარბიელო მონაცემები ქვეყნის­ ტურისტულ რეპუტაციაზე­ უარყოფითად აისახება. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბ­ინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევა და ავტოტრანსპორტის მიერ მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება. აუდიტის სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მეორე წყაროზე, რადგან საავტომობილო გაფრქვევები მთლიანი გაფრქვევების 71%-ს შეადგენს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება­ ერთ-ერთი უმთავრესი რისკია ჯანმრთელობისთვის, რაც, ექსპერტთა შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 2 მილიონი კაცის სიკვდილის მიზეზი ხდება. ატმოსფერულ ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკები ადამიანის ჯანმრთელობაზე გაცილებით მეტად ახდენს მავნე ზემოქმედებას, ვიდრე ჰაერის ნებისმიერი სხვა დამბინძურებელი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ სწორედ ეს უკანასკნელი ითვლება ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშად, რადგან მყარ ნაწილაკებს შესწევთ უნარი, შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში და ხელი შეუშალონ ჰაერცვლას ფილტვებში, რაც ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის რისკს ზრდის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის მქონე ქალაქებში სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 15-20%-ით აჭარბებს შედარებით სუფთა ჰაერის მქონე ქალაქების მაჩვენებლებს. დაავ­ადებების სპექტრი ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამბინძურებლების სახეობაზე, კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით სახიფათოა მისი ზემოქმედება შედარებით მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობაზე - ბავშვებსა და ორსულ ქალებზე.

საქართველოში არ ჩატარებულა ეპიდემ­იოლოგიური კვლევა, რომელიც დაადასტ­ურებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურ­ე­ბასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებს და რისკებს შეაფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქარ­თველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები შეისწავლა - კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს ჰაერის ხარისხი უფრო გაუარესდა.

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე: "მონაცემები ავიღეთ წერეთლის პროსპექტზე მდებარე ჰაერის მონიტორინგის სადგურიდან, რომელიც ჰაერის ხარ­ისხის რამდენიმე პარამეტრს ავტომატურ რეჟიმში ზომავს. ჩვენი ექსპერტ-კონსულტანტების შეფასებით, სურათი, რომელიც გვაქვს წერეთლის პროსპექტზე, შეგვიძლია ტრანსპორტით დატვირთულ სხვა ქუჩებზეც განვაზოგადოთ. შედეგებმა გვაჩვენა, რომ მიმდინარე წლის სამ თვეში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია გასულ წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა. თუ შარშან ამ დამბინძურებლის კონცენტრაცია ჰაერში ნორმას 33%-ით აჭარბებდა, წლეულს 58%-ით აჭარბებს. მყარი ნაწილაკები (PM2.5 და PM10) ჰაერის­ ის დამბინძურებლებია, რომელთა გამოფრქვევა, ტრანსპორტის გარდა, სამშენებლო ობიექტებზეც ხდება და განსაკუთრებით საშიშია, რადგან ადვილად აღწევს ჩვენს ორგანიზმში. წლების განმავლობაში ვსუნთქავთ მყარი ნაწილაკებით გაჯერებულ ჰაერს და ერთ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ ჯანმრთელობა შეგვერყა, მიზეზს კი ვერ ვხვდებით.

PM2.5-ის რაოდენობა წლიურ საშუალო ნორმას 16%-ით აჭარბებს და გასულ წელთან შე­დარებით უმნიშვნელოდ, 1%-ით­ არის გაზრდილი. PM10-ით დაბინძურება 2019 წელს შემცირებულია შარშანდელთან შედარებით, თუმცა წლიურ საშუალო ნორმაზე მაინც 34%-ით მაღალია.

გარდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებისა, მერიისგანაც გამოვითხოვეთ ტრანსპორტის ნაკადების შესახებ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ავტომობილების ნაკადის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის ზრდას. ჰაერის დაბინძურებაში დიდ როლს თამაშობს მოძველებული და დიზელისძრავიანი ტრანსპორტი. საგანგაშო რეალობამ დაგვანახა, რომ გამონაბოლქვზე ავტომობილების შემოწმება ქუჩაშიც საჭიროა. დღეს მძღოლები სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავენ ტექინსპექტირების გასავლელად და საბუთის მიღების შემდეგ მათი ავტომობილები ქუჩაში კვლავ შავ ბოლს აფრქვევენ. კონტროლის მექანიზმის არარსებობის გამო ასეთ ავტომობილს ქუჩაში არავინ გააჩერებს. ჩვენი კვლევის მიზანი იყო, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომლებიც ჩვენთან ერთად სუნთქავენ ამ ჰაერს და რომელთა შვილები ჩვენს შვილებთან ერთად სეირნობენ ამ ქუჩებში, ვაჩვენოთ, რომ ჰაერმა არ იცის სოციალური სტატუსი, ყველა ვსუნთქავთ უკიდურესად დაბინძურებულ ჰაერს.

გვესმის, რომ ეს კომპლექსური თემაა და კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს, მაგრამ დღევანდელი კატასტროფული მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ამ პრობლემას პატრონი არა ჰყავს. არსებობს თბილისის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების სტრატეგია, სადაც ბევრი კარგი პუნქტია გაწერილი, მაგრამ არ არსებობს უწყება, რომელიც ამ ყველაფრის შესრულებას იკისრებს. სანამ უფრო უარეს სურათს მივიღებთ, ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს და ხისტი, თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯები გადადგას".

ნინო ჩხობაძე, "საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარე: "ჰაერის დაბინძურები ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ თბილისში ავტოპარკი იზრდება. მართალია, ნელ-ნელა შემოდის ელექტრო და ჰიბრიდულძრავიანი ტრანსპორტი, მაგრამ პრობლემა კვლავაც მწვავეა. საქმე ის არის, რომ თბილისის ქვაბული, ფაქტობრივად, არ ნიავდება, ამას გარდა, მაღალი შენობების გამო დაბინძურებული ჰაერი ქალაქში კონცენტრირდება. ჯერაც არ გვყავს საკმარისი რაოდენობის მუნიციპალური ტრანსპორტი, რასაც კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირება უნდა მოჰყვეს. სწორედ ამ გზით გააუმჯობესეს განვითარებულმა ქვეყნებმა ჰაერის ხარისხი.

ვერ ვიტყვი, რომ ისეთი საგანგაშო ვითარება გვაქვს, როგორიც პეკინშია, მაგრამ არც შესაშური მდგომარეობაა.მინდა მშობლებს ვურჩიო: ხშირად გვინახავს ცენტრალურ ქუჩებში, იქ, სადაც ხშირია საცობები და ავტომობილები ჩართული ძრავებით დგანან, საბავშვო ეტლებით მოსეირნე მშობლები. ასეთ ადგილებში გამონაბოლქვის კონცენტრაცია ძალიან მაღალია, ამიტომ იქ ბავშვების სეირნობა მიზანშეწონილი არ არის".

P.S. როგორც "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, შსს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით, მუშაობს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმება ქუჩებშიც დაიწყება. მიუხედავად იმისა, გავლილი ექნება თუ არა სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური ინსპექტირება, საპატრულო პოლიციას უფლება ექნება გააჩეროს და შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება ავტომობილის ძრავიდან გამოტყორცნილი გამონაბოლქვი დაშვებულ ნორმას.

სამინისტროში დგვიდასტურე, რომ განიხილება ქუჩაში ავტომობილების გამონაბოლქვზე მონიტორინგი. ასე რომ, ახლო მომავალში შესაძლოა საპატრულო პოლიციამ ავტომობილი გააჩეროს, თუ ის ჰაერში შავ ან ნაცრისფერ ბოლს აფრქვევს.

ემა ტუხიაშვილი