რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება

რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 19 კილომეტრია და მონაკვეთის მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს 11 კმ-იან მონაკვეთზე გზის არსებული მიმართულების შენარჩუნებას I კატეგორიის გზის პარამეტრების მისაღებად საჭირო გაუმჯობესებით, მომდევნო 8 კმ-იან მონაკვეთზე კი აგარის შემოვლითი ახალი მიმართულების გზის მშენებლობას.

პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარს შეადგენს და დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია.

სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლების მცხოვრებია. ჯგუფები 24 საათის განმავლობაში, ორ ცვლაში მუშაობენ.

გზის საფუძვლის მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. უკვე აშენდა 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი, 6 მიწისქვეშა სამეურნეო გასასვლელი და 3 სახიდე გადასასვლელი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგების, 4 ხიდისა და 5 გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები.

აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 7 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელთა მშენებლობა-რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება, რაც ავტომობილის გადაადგილებას სწრაფს და უსაფრთხოს გახდის.