„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ ქონების ეროვნულ სააგენტოს ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მიწის რეგისტრაციისა და გადაცემის თხოვნით გასული წლის ბოლოს მიმართა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა.
„ინტერპრესნიუსმა“ საგენტოდან იმ მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია გამოითხოვა, რომელიც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელ კომპანიასა და უწყებას შორის, პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით შედგა.
ოფიციალური წერილების მიხედვით, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ ეკონომიკისა და მდგადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პირველად 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა.
წერილში, რომელსაც ხელს კომპანიის დირექტორი კლაუს საურსენი აწერს, აღნიშნულია, რომ სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ მიზნად ისახავს ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მულტიფუნქციური თანამედროვე პორტის მშენებლობას და მშენებლობის ნებართვის მისაღებად პირველი სტადიის დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოში“.
„ნებართვის მისაღებად და დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი პროექტის განსახორციელებლად საჭიროა სამი მიწის ნაკვეთის გადმოცემა სს „ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის“ და მათი ათვისება“, -აღნიშნულია წერილში.
აღნიშნული წერილით კომპანია ითხოვდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას მათთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
მოგვიანებით, 5 დეკემბერს, კომპანიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს მეორე წერილით მიმართა, სადაც დამატებით წარმოადგინა ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ნავმისადგომისთვის განსაღვრული ნაკვეთის საკადასტრო აზომვის ნახაზები.
4 დეკემბერს, „ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ საპასუხო წერილი გაუგზავნა „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და კომპანიას დაზუსტებული წინადადების წარდგენა სთხოვა, კერძოდ, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ დაზუსტებული ინფორმაცია უნდა წარმოედგინა მიწის გადაცემის ფორმის, ვადის, საფასურის და სხვა პირობების შესახებ.
როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული წერილებიდან ირკვევა, მას შემდეგ „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ სააგენტოსთვის შესაბამისი დაზუსტებული ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
შეგახსენებთ, რომ „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა, „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ 2011 წლიდან რიონის მიერ ჩამოტანალი ნაშალი მასალის შედეგად ფოთში 159 000 კვ.მ. ახალი მიწა წარმოიქმნა, სწორედ ამ მიწის დასარეგისტრირებლად მიმართა კომანიამ ქონების სააგენტოს.
კითხვაზე, რამდენად სწორია, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადება, რომ კომპანია პორტის მშენებლობას სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე აპირებდა, ისე რომ ამის შესახებ საქმის კურსში არ იყო „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ მიწა ქონების სააგენტომ დაარეგისტრირა და ამ საკითხზე ყველაფერი ცნობილი იყო.
„სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” უზრუნველყო აღნიშნული მიწების დარეგისტრირება და კანონით დადგენილი წესით, მათ მიენიჭა საკადასტრო კოდები აპრილის ბოლოსთვის, რითაც შეიქმნა 2 მაისის ბრძანების გასაცემის წინაპირობა. შესაბამისად, ვერ ვხედავ, რომ ამ საკითხზე რაიმეს გასაიდუმლოებას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა კლაუს ლაურენსმა.
კომპანიის დირექტორის ეს განმარტება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 29 მაისს, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.
30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააუქმა სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს“ ხელმძღვანელის მიერ 2 მაისს გაცემული ბრძანება, რომელიც მიწათსარგებლობის წინასწარ პირობებს ადგენდა და ამასთან, თანამდებობიდან გაათავისუფლა ბრძანების გამცემი გრგოლ კაკაურიძე, რომელმაც მინისტრის განცხადებით, მასთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმების გარეშე, ხარვეზებით გასცა ბრძანება.