პროფესიული განათლების მიმართულებით თბილისში 1500-მდე მსმენელზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური ცენტრი დიღომში, განათლების ქალაქში აშენდება.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრი მთლიანად გერმანული სტანდარტებით აშენდება და ექნება საერთო საცხოვრებელიც.
„გერმანიასთან ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს გერმანიის მხრიდან დახმარებას განათლებაში რეფორმების კუთხით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის პროფესიული განათლების რეფორმირება. ამ მიმართებით, გერმანიის მხრიდან გამოყოფილია 22 მილიონი ევრო და ამ თანხს ფარგლებში იგეგმება დიღომში, განათლების ქალაქში დაახლოეთ 1500 ბავშვზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა. ეს იქნება მთლიანად გერმანული სტანდარტებით. ეს შეეხება როგორც სასწავლო სივრცეებს, ასევე სასწავლო პროგრამას, ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო სივრცეებს და საერთო საცხოვრებელს. გერმანული პროფესიული სასწავლებელი განთავსებული იქნება განათლების ქალაქში“, - განაცხადა ბატიაშვილმა.