ნათია თურნავა სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაციაზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც მიმართულია საქართველოს ელექტროსისტემის გაძლიერებისკენ

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც მიმართულია საქართველოს ელექტროსისტემის გაძლიერებისკენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაციის პროექტის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, მთავრობას აქვს 10 წლიანი გეგმა, რომელიც ახალი ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობას მოიცავს, დაფინანსების მოძიებისთვის კი საერთაშორისო პარტნიორებთან მიდის მოლაპარაკებები.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ელექტროსისტემა ფლობს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელს საქართველოში და პასუხისმგებელია უსაფრთხო ელექტრომომარაგებაზე. მთავრობას დამტკიცებული აქვს 10 წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ახალი გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურა აშენდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონალური მასშტაბით. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა დამატებითი დაფინანსების მოზიდვა და ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან ერთად ვიხილავთ დაფინანსების გზებს კონკრეტული პროექტების ფარგლებში,“-განაცხადა ნათია თურნავამ.