მოქალაქეებს „ლილო-მოლში“ wifi-თ სარგებლობა შეეძლებათ

მოქალაქეებს ლილო-მოლში wifi-თ სარგებლობა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაცია „ლილო მოლის“ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.

„ლილომოლის“ ტერიტორიაზე იგეგმება უკაბელო ინტერნეტის გაყვანა, რაც მომხმარებლისთვის მეტ კომფორტს შექმნის. ,,ლილომოლის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით მოსულ სტუმარს საშუალება ექნება, მისთვის სასურველ მაღაზიას მარტივად და ძალისხმევის გარეშე მიაგნოს. აქედან გამომდინარე, WI-FI ,,ლილომოლის“ ვიზიტორისთვის და მეწარმისთვის ერთნაირად კომფორტული და სასარგებლო იქნება,“-აღნიშნულია ანგარიშგებაში.

რაც შეეხება „ლილო მოლის“ ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგება მოიცავს „ლილო მოლის“ შვილობილი კომპანიების („ლილო კაპიტალი“, „ლილო ტვ“, „ლილო ჩარტერი“, „ლილო პროდაქტ სერვისი“) მაჩვენებლებსაც.

კონსოლიდირებული ანგარიშგების თანახმად, „ლილო მოლის“ წმინდა შემოსავალი 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 31 339 413 ლარი, ხოლო 2016 წელს - 28 324 887 ლარი იყო. რაც შეეხება მოგებას, კომპანიის წლიური წმინდა მოგება 2017 წელს - 21 149 743 ლარი; ხოლო 2016 წელს - 14 353 986 ლარი იყო.

რაც შეეხება ვიზიტორებს, ანგარიშგების თანახმად, 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე ,,ლილომოლს“ 3 784 286 ადამიანი ესტუმრა.

ცნობისთვის, შპს „ლილო მოლის“ 1%-1%-იან წილებს - ლევან გაგუა, ნიკოლოზ უსანეთაშვილი, მარიკა გავაშელი, ბაჩო კაპანაძე, 8.525%-იან წილს - კონსტანტინე კაპანაძე; 2.285%-იან წილს - დავით გავაშელი; 2%-იანი წილს დავითი გაგუა ფლობენ. კომპანიის 14.285% - 14.285% გია ანდღულაძესა და იოსებ საყვარელიძეს, 0.5% - ილია ბადრიაშვილს; 11.285% - გიორგი გაგუას; 11% - თენგიზ გავაშელს; 13.285% - ვაჟა უსანეთაშვილს; 13.79% - ილია შონიას და 4.76% - დავით კაპანაძეს ეკუთვნის.

თაია არდოტელი