ბია ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

ხვალ, თბილისში, ბიას ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი -“განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები” გაიმართება.

ფორუმი უმასპინძლებს რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ 500-ზე მეტ დელეგატს 15-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიება 50-ზე მეტ მოწვეულ სპიკერს აერთიანებს და განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეგიონული ეკონომიკა, საინვესტიციო შესაძლებლობები, აქტივებისა და დაგროვილი ინვესტიციების მართვა, კერძო და ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო პერსპექტივები და სალიზინგო შესაძლებლობები განვითარებადი ბაზრებისთვის. პოსტსაბჭოთა ქვეყნების 300 მილიონიანი ბაზარი ახალ შესაძლებლობებს ქმნის გლობალური ბიზნესისათვის. ფორუმი თავს მოუყრის წამყვანი სექტორის ლიდერებს, პოტენციურ ინვესტორებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რომლებიც ფორუმის ფარგლებში უკეთ გაეცნობიან ბიზნესის კეთების შესაძლებლობებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მაღალი რანგის ექსპერტებს, რომლებიც დამსწრე აუდიტორიას აქტივებისა და დაგროვილი ინვესტიციების მართვის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი განვითარების შესაძლებლობებს გააცნობენ.

ფორუმზე გაიმართება ინტერაქტიული პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები ეკონომიკური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, გავლენიანი პირებთან და მეწარმეებთან. ასევე B2B შეხვედრები პროექტის მფლობელებთან და მიზნობრივ ინვესტორებთან. ფორუმის სამიზნე აუდიტორია მოიცავს წარმომადგენლებს რეგიონული საინვესტიციო საზოგადოებიდან, მათ შორის: მთავრობის წარმომადგენლებს, მინისტრებს, გლობალური კომპანიების აღმასრულებლებს, საინვესტიციო სააგენტოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, დიპლომატიურ მისიებს, ასოციაციების წარმომადგენლებსა და მედიას.