“ვითიბი ბანკი”  Roberto Cavalli - ის შეიძენს?

საინვესტიციო ბანკი "ვითიბი კაპიტალი" სამოდელო სახლ Roberto Cavalli-ის ყიდვითაა დაინტერესებული - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული "ვედომოსტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, "ვითიბი კაპიტალი" მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შეიძინოს სამოდელო სახლის აქციების 60%. მხარეები ჯერჯერობით საბოლოოდ არ შეთანხმებულან.

საინვესტიციო ბანკის მიერ იტალიური ბრენდით დაინტერესების შესახებ გამოცემა Women’s Wear Daily -ც წერდა. გუშინ იგივე გამოცემამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარიგების შესაძლო თანხა 500 მლნ ევროა. გამოცემის ცნობითვე, თავად კომპანია, რომელიც დიზაინერ რობერტო კავალის ეკუთვნის, შესაძლოა შეფასდეს 830 მლნ ევროდ.

რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ, გასულ კვირას თავად დიზაინერმაც განაცხადა. "რუსებთან უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები. ისინი დიდ ინტერესს იჩენენ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული შეთანხმებებისგან შორს ვართ",- განაცხადა კავალიმ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში.

კავალი ინვესტორს 5 წელიწადზე მეტია ეძებს. 2014 წლის მაისში Financial Times წერდა, რომ სამოდელო სახლი საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს საინვესტიციო კომპანია Investcorp-თან აწარმოებდა.