ამერიკულმა ავიაგიგანტმა Boeing-მა ბოლო ორი ავიაკატასტროფის შედეგად შელახული რეპუტაციის გამო მისი წარმოების Boeing 737 MAX-ს შესაძლოა, სახელწოდება შეუცვალოს. ამის შესახებ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გრეგ სმიტმა განუცხადა.
„ჩვენ ვემხრობით პოზიციას - გავაკეთოთ ყველაფერი რეპუტაციის აღსადგენად. თუკი ამისთვის საჭირო გახდება ბრენდის შეცვლა, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა მან საფრანგეთში მიმდინარე საავიაციო გამოფენა „ლე ბურჟე - 2019“-ზე მონაწილეობისას.
როგორც სააგენტო განმარტავს, საუბარია დასახელებიდან MAX სიტყვის ამოღებაზე.
შეგახსენებთ, Boeing 737 თვთმფრინავების ექსპლუატაცია შეჩერებულია ორი ავიაკატასტროფის შედეგად. მიმდინარე წლის 10 მარტს Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა Boeing 737 MAX 8-მ განიცადა ავიაკატასტროფა, რა დროსაც 157 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2018 წლის 29 დეკემბერს ანალოგიური მოდელის ავიალაინერმა, რომელიც ინდონეზიურ კომპანია Lion Air-ს ეკუთვნოდა, ასევე კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 189 ადამიანი. ამის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ აღნიშნული სერიის თვითმფრინავების ექსპლუატაციაზე უარი განაცხადა.