ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა.
ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, სერგეენკო მისი მრჩევლის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ამ პოსტზე პრემიერმა ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა, რომელიც აქამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო.
მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2012 წლიდან - დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, ორი მინისტრი პოსტს უცვლელად იკავებდა. მათგან ერთ-ერთი სწორედ დავით სერგეენკო იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს პრემიერის მომავალი მრჩეველი დავით სერგეენკო.
2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის უძრავ-მოძრავი ქონება გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა. სერგეენკო კვლავ ფლობს - 82 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში და 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ ბულაჩაურში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Prado.
მინისტრს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 5 900 დოლარი და 7 445 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა მინისტრის პოსტზე წლიურად - 75 000 ლარი შეადგინა.
დავით სერგეენკო მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 1 997 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთის რაიონის სოფელ ქუბრიაანთკარში, რომელიც 2013 წელს საჩუქრად მიიღო. ცნობისთვის, სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებს. მანამდე კი 2006 წლიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.