სააუქციონო სახლი Sotheby's იყიდება

სააუქციონო სახლი Sotheby's იყიდება. აუქციონს კომპანია BidFair USA 3,7 მილიარდ დოლარად ყიდულობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ცნობისათვის, BidFair USA ბიზნესმენ პატრიკ დრაის ეკუთვნის.

როგორც Sotheby's-ის პრესსამსახურში აცხადებენ, „შეთანხმება წლის ბოლომდე დასრულდება, მას შემდეგ რაც მიიღებენ აქციონერებისა და მარეგულირებლის თანხმობას“.

პრესრელიზში ასევე ვკითხულობთ, რომ პატრიკ დრაი სატელეკომუნიკაციო ბიზნესში მოღვაწეობს. მის მიერ 2001 წელს დაარსებული კომპანია Altice ოპერირებს საფრნაგეთში, პორტუგალიაში, ისრაელში და კარიბის აუზის ქვეყნებში, სადაც 30 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება, ხოლო ამერიკაში 21 შტატში მოქმედებს.

სააუქციონო სახლი Sotheby's, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში, 1744 წელს ლონდონში დაფუძნდა და დღეისათვის არის ერთ-ერთი უმსხვილესი სააუქციონო სახლი მსოფლიოში, რომელიც ხელოვნებისა და საიუვილირო, ასევე საკოლექციო ნივთებით ვაჭრობს.

კოკა კვირკველია