დავით ნარმანია კომპანია "ჰუალინ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფლის მშენებლობის მწარმოებელ ჩინურ საინვესტიციო კომპანია "ჰუალინ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ოლიმპიური სოფლის მშენებლობასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერმა საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ მერია ყველა შესასრულებელ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და ასევე მათ მოსთხოვა, ყურადღება მიაქციონ და გააკონტროლონ, რომ მათ მიერ წარმოებულ მშენებლობებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს.

ჩინელმა სტუმრებმა დავით ნარმანიას ასევე 20 აგვისტოს დაგეგმილ "აბრეშუმის გზის მედია-ტურის" შესახებ არსებული ინფორმაცია გააცნეს. მედიატური ჩინეთის ტურიზმის სამსახურის ინიციატივით ეწყობა. პროექტის ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების 60 ჟურნალისტი 8 ქვეყანაში იმოგზაურებს. მედიის წარმომადგენლები საქართველოში 4 დღის განმავლობაში დარჩებიან და ქვეყნის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.