მამუკა ბახტაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრზე - ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე

მე დარწმუნებული ვარ, ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ამავე დროს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის წარდგენისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ტიკარაძეს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.

„ეკას მინდა წარმატებები ვუსურვო. მას აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი გუნდის. მას აქვს საკმაოდ რთული დავალებები, ამავე დროს, გრაფიკი არის საკმაოდ შეზღუდული. ის ხედვები, რაც აქვს მას, ამავე დროს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მას უმაგრებს ზურგს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, დარწმუნებული ვიყო, რომ ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ამავე დროს გახდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს. ტიკარაძე მედიას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის წარდგენას ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.