"2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა დაგეგმილს 132,5 მლნ ლარით გადააჭარბა"

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ შინაარსიანი და საქმიანია, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში წარადგინეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, აღნიშნული ანგარიში მოიცავს საქართველოს ეკონომიკის დეტალურ მიმოხილვას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციას, ლარის გაცვლით კურსს, საგარეო სექტორის მიმოხილვას, ვაჭრობას ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან, ტურიზმს, ფულად გადმორიცხვებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 101.3%-ით შესრულდა, რაც დაგეგმილთან შედარებით, 132.5 მლნ ლარით მეტია.