„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციაზე Welcome to Georgia! სიტყვით წარდგა. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს მთავრობის, ასევე, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ მიმართა. „დღესდღეობით საქართველო ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დანიშნულების წერტილია. უცხოელი ვიზიტორების მზარდი რაოდენობა, მათი ინტერესის გააქტიურება ჩვენი ქვეყნის მიმართ სულ უფრო საგრძნობი ხდება. ეს ბიძგს აძლევს ადგილობრივ ბიზნესს, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განავითარონ ზემოხსენებული სექტორი. ტურიზმის სექტორში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 160 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 70 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნა დანელიამ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე „Welcome to Georgia!“-ს ნომინაციებში „საპარტნიორო ფონდის“ რამდენიმე პროექტმა გაიმარჯვა. ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ პროექტმა „WEHOST“ ორი ნომინაციის (საუკეთესო ტურისტული სტარტაპისა და ყველაზე მზარდი კომპანიის) გამარჯვებულის ტიტულები მოიპოვა. „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულმა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანმა“ კი ჯილდო საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმროს ნომინაციაში აიღო.
კონფერენციის ფორმატში იმართება რამდენიმე სადისკუსიო პანელი, რომლებიც მოიცავს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ თემატურ პრეზენტაციებს ბაზრის მიმწოდებლებისა და ექსპერტების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროექტის იმ გამარჯვებულებზე, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში არიან ჩართულნი და წარმატებით ოპერირებენ. „სტარტაპ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური ტურისტული ბიზნესების ხელშეწყობა, რადგან ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მზარდი მიმართულებაა. ჩვენ გვყავს რამდენიმე ტურისტული სტარტაპი, რომლებმაც ბაზარზე მყარად დაიმკვიდრეს თავი, მათ შორის არიან „ვიჰოსტი“ და „აუდიოგაიდ-ჯორჯია“,“ აღნიშნა გიორგი ლომიძემ.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ღონისძიება არის ვრცელი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ექსპერტებისათვის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წრეებისათვის ინფორმაციისა და გამოცდილების გასაცვლელად, ტურიზმის სექტორში სიახლეებისა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებული საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად. ღონისძიების ფარგლებში, ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრებია დაგეგმილი.