ორი უმსხვილესი საერთაშორისო აქსელერატორი Techstars და Capital Factory საქართველოს ბაზარზე შემოსვლითაა დაინტერესებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში Techstars Europe-ის ერთ-ერთ დირექტორს რიჩარდ ვუილიენს (Richard Vuillien) უმასპინძლა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ის შესაძლებლობები განიხილეს, რაც Techstars ქართული სტარტაპების ხელშესაწყობად და გასავითარებლად აქვს. ამასთან, სააგენტოს ცნობით, Techstars დაინტერესებულია საქართველოს ბაზარზე შემოსვლით.

„Techstars მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორია, მისი დანიშნულებაა სტარტაპების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა განვითარების გზაზე. Techstars აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ კომპანიებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ინოვაციებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ესენია: Disney, Ford, Barclays, Amazon Alexa და ა.შ.

Techstars აქსელერატორი აძლევს სტარტაპებს წვდომას მენტორებისა და ინვესტორების საერთაშორისო ქსელზე, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და შედგება მსოფლიო დონის ინვესტორებისა და სპეციალისტებისგან, როგორიცაა: Mark Cuban, Dallas Mavericks - ის გუნდის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ ტექსტარის სტარტაპების 87% წარმატებით მოღვაწეობს საკუთარ სფეროში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ასევე შეხვდა აქსელერატორ Capital Factory-ის საერთაშორისო პარტნიორობის კოორდინატორს ალი საიედს (Ali Syed), რომელიც ასევე დაინტერესებულია საქართველოს ბაზარზე შემოსვლით. Capital Factory აშშ-ში, ტეხასის შტატში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ეწვია აღნიშნულ აქსელერატორს და მიაწოდა ინფორმაცია სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ამასთან, მან ისაუბრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე. პრემიერ-მინისტრმა Capital Factory-ის წარმომადგენლები და შეხვედრაზე მყოფი მეწარმეები საქართველოში მოიწვია, რათა ისინი უშუალოდ გაეცნონ არსებულ გარემოს და დაიწყოს მუშაობა თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.