ბათუმსა და შარმ-ელ შეიხს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმი და შარმ-ელ შეიხი დამეგობრდნენ.

ორ ქალაქს შორის მემორანდუმს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და სამხრეთ სინას გუბერნატორმა, გენერალმა ხალედ ფოდა სიდიკმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის, ხელოვნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის, გარემოს დაცვა-კონსერვაციის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვის და ტურიზმის განვითარების მიმართულებებით.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები ორივე ქალაქში, ადგილობრივი საინვესტიციო რეგულაციების გათვალისწინებით, ასევე, ორ ქალაქს შორის ტურისტული ნაკადების ზრდა, გამოცდილების გაზიარება სამედიცინო ტურიზმის და სპა პროექტების სფეროში, ეკოტურიზმი და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ორ ქალაქს შორის ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი არქიტექტურის სფეროში.

შარმ-ელ შეიხის წარმომადგენლებმა ბათუმის მერს საკურორტო ქალაქის შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლები წარუდგინეს და ქალაქის პოტენციალი გააცნეს. როგორც სამხრეთ სინას გუბერნატორმა, გენერალმა ხალედ ფოდა სიდიკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმთან დამეგობრება საინტერესო აღმოჩნდა და ქართულ დელეგაციასა და მედიის წარმომადგენლებს უახლოეს ხანში მიიწვევს შარმ-ელ შეიხში.

როგორც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა აღნიშნა, ბათუმთან 23 ქალაქია დამეგობრებული. მისივე განმარტებით, შარმ-ელ შეიხთან მემორანდუმის გაფორმება და მათი გამოცდილების გაზიარება ტურიზმის კუთხით მნიშვნელოვანია.