ნათია თურნავა - ანაკლიასთან დაკავშირებით არანაირი დაფარული დღის წესრიგი აშშ-ში ვიზიტისას არ ყოფილა

ანაკლიასთან დაკავშირებით არანაირი დაფარული დღის წესრიგი აშშ-ში ვიზიტისას არ ყოფილა და არ განხილულა,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამერიკაში ვიზიტისას კიდევ ერთელ დაფიქსირდა საქართველოს პოზიცია, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, ამერიკასაც აღნიშნულ საკითხზე მსგავსი პოზიცია აქვს და მოსაზრება აქვს.

„“ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით, მივიჩნევთ და ეს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტი. საქართველოს მთავრობა აქამდეც მზად იყო და მომავალშიც მზად იქნება, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს. თუნდაც ვადების გახანგრძლივება არ არის პირველი შემთხვევა. რამდენჯერმე მოხდა ვადების გახანგრძლივება და მასში რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მხარდაჭერა ამ პროექტის, ამის გარდა არის ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა და ა.შ. ასევე, ის ფაქტი, რომ ამერიკაში ჩვენი ვიზიტის დროს ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისას და ამერიკა-საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას ნახსენები იყო ანაკლიის პორტი, ესეც სწორედ იმას უკავშირდება, რომ ეს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. ასეთად უყურებს მას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, ამ პროექტში ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკული კომპანია და ძალიან ბუნებრივია, რომ საუბარი შეეხო ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს. ითქვა ის, რაც ითქვა საჯაროდ. არანაირი დაფარული დღის წესრიგი ანაკლიასთან დაკავშრებით, რასაკვირველია, არ ყოფილა და არ განხილულა. ითქვა ჩვენი მხრიდან კვლავ, რომ ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავას თქმით, ვადების შესახებ მოთხოვნა შესაბამისმა უწყებამ ინვესტორისგან მიიღო.

„რასაკვირველია, ვადების შესახებ მოთხოვნა უნდა შემოვიდეს ინვესტორისგან და ეს ასეც მოხდა. ჩვენ მოგვმართეს ინვესტორმა და ბანკებმა ერთობლივად გამომდინარე, მოლაპარაკებების დეტალებიდან. ნათელი იყო ყველა მხარისთვის, იმისთვის, რომ წარმატებით დასრულდეს ეს მოლაპარაკებები, საჭიროა კიდევ დამატებითი დრო. ეს არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ პრინციპულ საკითხებზე საბოლოო ჯამში შედგეს შეთანხმება, რისი იმედიც გვაქვს“, - აღნიშნა თურნავამ.