ოჯახებში ბუნებრივი აირის მოწყობილობებს მხოლოდ სერტიფიცირებული პირები დააყენებენ

გაზის მოწყობილობების დამონტაჟებასა და შიდა ქსელის მუშაობაზე კონტროლი მკაცრდება. უახლოეს მომავალში ოჯახებში ბუნებრივი აირის მოწყობილობებს უკვე სერტიფიცირებული პირები დააყენებენ. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, უახლოეს 2 დღეში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური სერტიფიცირების ცენტრი გაიხსნება.

„როდესაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვიყავი და ვკურირებდი ენერგეტიკის სექტორს, მაშინ დაპირება გავეცით, რომ გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში მომზადდებოდა ცვლილებები. 2 დღეში ტექნიკურ უნივერსიტეტში ვხსნით აკრედიტაციის ცენტრს, რომელიც შემდგომში განახორციელებს კონკრეტული სპეციალისტების სერტიფიცირებას. ეს პირები კი ოჯახებში დაამონტაჟებენ გაზის დანადგარებს. როგორც იცით, ძირითადი რისკი გამოვლინდა სწორედ არასწორად დამონტაჟებული მოწყობილობებით. ეს გახდება სავალდებულო. აქედან გამომდინარე რისკების გადაზღვევასაც მოხდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანია „ყაზტრანსგაზის“ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016-2018 წლებსა და 2019 წლის 3 თვეში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების და ინტოქსიკაციის შედეგად 101 ადამიანი გარდაიცვალა და 285 მოიწამლა.