ზოგადად პრივატიზება, ეს არაა მასობრივი პროდუქტი. წლის განმავლობაში უნდა ვნახოთ, როგორი იქნება ტენდენცია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტეპრესნიუსს“ მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპის დაახლოებით 2-ჯერ შემცირების კომენტირებისას განუცხადა.
კითხვაზე, პრობლემაა თუ არა პრივატიზების ტემპის შემცირება, ნათია თურნავა აცხადებს, რომ უნდა ვნახოთ როგორი იქნება ტენდენცია წლიურ ჭრილში.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპის დაჩქარება და ამჟამად გაჩერებული აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა პრიორიტეტია.
„პრიორიტეტი და მთავარი ამოცანაა ჩვენთვის, რომ დავაჩქაროთ პრივატიზების პროცესი და ის აქტივი, რაც აქვს სახელმწიფოს, ისეთი რომელიც უნდა გასხვისდეს, მიწაა ეს თუ შენობა-ნაგეობები, რომელიც დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია და არ მონაწილეობს ეკონომიკურ ბრუნვაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩადგეს ეკონომიკის სამსახურში და მოიზიდოს მეტი ინვესტიცია, იმიტომ რომ, პრივატიზება როგორც წესი, ინვესტირების პროცესის ნაწილია. ესაა ჩვენი ამოცანა,“- განაცხადა ნათია თურნავამ „ინტეპრესნიუსთან“ საუბრისას.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრივატიზების პროცესის დაჩქარებას ემსახურება „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ რეორგანიზაცია და ასევე, პრივატიზების ელექტრონული სისტემის დანერგვა.
„იმისთვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და რაც შეიძლება მეტმა ინვესტორმა იპოვოს სასურველი საპრივატიზებო ობიექტი, მივდივართ ორი მიმართულებით. ერთი მიმართულებაა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეორგანიზება. ეს გულისხმობს იმას, რომ საკანონმდებლო დონეზე შედის ცვლილება და ერთიანდება ქონების მართვის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, რაც ერთი ფანჯრის პრინციპით მოგვცემს საშუალებას, რომ უძრავი და მოძრავი ქონება ერთი უწყების მიერ გასხვისდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სხვა ოპტიმიზაციებიც განხორციელდება.
მეორე მიმართულებაა, რომ თვითონ პრივატიზების სერვისი გავხადოთ ელექტრონული, გაციფრულებული. ეს არაა მარტივი პროცესი, რა თქმა უნდა, შრომატევადი პროცესია, მაგრამ ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს. ამ ეტაპზე უკვე მოწვეულნი არიან კონსულტანტები და იწყებენ სოფტის, ანუ ელექტრონული პლატფორმის წერას. ამას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება და შემდეგ უკვე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში სატესტო რეჟიმში ეს პლატფორმა უკვე გვექნება და დავიწყებთ მის გამოყენებას,“-განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, პარალელურად იქმნება ელექტრონული ბაზა, სადაც მთლიანად იქნება მოქცეული სახელმწიფო ქონება.
„დღეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება, რა თქმა უნდა აღრიცხულია, მაგრამ არაა ასეთი ფორმით ხელმისაწვდომი. ხშირად მოდიან ისეთი ტიპის ინვესტორები, რომელთაც ზოგადად უნდათ ფული ჩადონ კონკრეტულ ბიზნესში, განახორციელონ ინვესტირება, ხალხი დაასაქმონ, მაგრამ არ აქვთ შერჩეული ზუსტად სად და რა ობიექტი. მათ წარმოდგენა აქვთ, როგორი ტიპის აქტივი სჭირდებათ, მაგრამ კონკრეტულად ჩვენ უნდა შევთავაზოთ,“-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.