ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში სატესტო რეჟიმში ეს პლატფორმა უკვე გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ელექტრონული სისტემის დანერგვაზე საუბრისას განუცხადა.
როგორც მინისტრი აცხადებს, კონსულტანტები უკვე იწყებენ ელექტრონული პლატფორმის წერაზე მუშაობას, ეს პროცესი 6 თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც, მომავალი წლის პირველ ნახევარში, სატესტო რეჟიმში დაიწყება ელექტრონული პლატფორმის გამოყენება.
„იმისთვის, რომ პრივატიზების პროცესი დაჩქარდეს და რაც შეიძლება მეტმა ინვესტორმა იპოვოს სასურველი საპრივატიზებო ობიექტი, თვითონ პრივატიზების სერვისი უნდა გავხადოთ ელექტრონული, გაციფრულებული. ეს არაა მარტივი პროცესი, რა თქმა უნდა, შრომატევადი პროცესია, მაგრამ ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს. ამ ეტაპზე უკვე მოწვეულნი არიან კონსულტანტები და იწყებენ სოფტის, ანუ ელექტრონული პლატფორმის წერას. ამას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება და შემდეგ უკვე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში სატესტო რეჟიმში ეს პლატფორმა უკვე გვექნება და დავიწყებთ მის გამოყენებას,“-განაცხადა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.