ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი გახდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა“ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გამარჯვებული კომპანიის დასახელება და დაჯილოდოების ცერემონია 18 ივნისს ბრიუსელში გაიმართა.

ევროკავშირისა და ევროპის ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „კავკასიის ენერგოეფექტური პროგრამა“ მონაწილეობით, ღვინის კომპანია „შილდამ“ ღვინის წარმოების “ეკომეგობრული” პროცესების დანერგვა 2016 წელს დაიწყო. ამით ის რეგიონში პირველი ენერგოეფექტური ღვინის საწარმო გახდა. დღეისათვის საწარმო 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და ყოველწლიურად ელექტროენერგიის გადასახადებზე 60 ათასზე მეტ ევროს ზოგავს.

მდგრადი ენერგეტიკის დაჯილდოების პროექტში 6 ქვეყნის 50-ზე მეტი საწარმო მონაწილეობდა. შერჩევისას ჟიურიმ დაასახელა 6 ფინალისტი, რომელთა შორის მოხვდა „შილდა“. ფინალისტებს შორის გამარჯვებულის გამოვლენა კი ონლაინ ხმის მიცემის რეჟიმში 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.

„ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდო“ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის „მდგრადი ენერგიის კვირეულის“ ნაწილია და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) პირველად ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავს ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას.