საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ავტორობით, კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა. კანონპროექტის შესაბამისად, აღმასრულებელი ორგანო საქართველოს კონკურენციის სააგენტო იქნება.
კანონპროექტის თანახმად, კონკურენციის სააგენტო, განცხადების საფუძველზე, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტს შეისწავლის და მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მოსთხოვს, დადგენილ ვადაში, დარღვევად მიჩნეული ან/და ამ კანონით აკრძალული ქმედების შეწყვეტას. თუ მოვაჭრე დადგენილ ვადაში არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს სააგენტოს გადაწყვეტილებას მას ჯარიმა დაეკისრება.
რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, კანონპროექტის თანახმად, ის არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ასევე, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილება მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით უნდა იყოს პირველ რიგში პრევენციული და არა სადამსჯელო ხასიათის, კანონპროექტის მიხედვით სანქცია იქნება ორსაფეხურიანი. იგი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გააფრთხილებს მოვაჭრეს და მისცემს ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის. მხოლოდ სააგენტოს მოთხოვნისა და მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს ექნება მოვაჭრის დაჯარიმების უფლება.