ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ სოფლებში უკვე გაემგზავრა სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი თენგიზ თოფურიძე და არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობს.

ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარმა წყალდიდობამ მდინარე შოლას ადიდება გამოიწვია, რამაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ასევე, სოფელ ბულბულისწყაროში წაღებულია ხიდი, რომლის აღსადგენადაც სამუშაოები უკვე დაიწყო.

ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აგრძელებს ინტენსიურ სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის",-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.