ხილი და ბოსტნეული თითქმის 100%-ით არის გაძვირებული

დიდი ალბათობით, ხალხს საკმაოდ რთული ზამთარი ელის

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი ნაწილი ზაფხულის მიწურულსაც კი საგრძნობლად ძვირია. მომხმარებელი უკვე ნერვიულობს, რომ სურსათის მომარაგების თვალსაზრისით, მძიმე ზამთარი და კიდევ უფრო რთული გაზაფხული ელის. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ასეთი ძვირი ზაფხული მომხმარებელს არ ახსოვს. პროდუქტის გაძვირება რუსეთის ბაზრის გახსნასა და გვალვას უკავშირდება.

შარშანდელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის ბევრი პროდუქტის ფასი გაორმაგებული და გასამმაგებულია. სეზონი ისე იუწრება, რომ 1 კილოგრამი პომიდორი 80 თეთრს არ ჩამოცდა, კარგი კი სულაც 1,30-1,50 ლარი ღირს. შარშან ამ დროს კი 1 კგ პომიდორის ფასი 50-60 თეთრი იყო. შარშან თუ აგრარულ ბაზრობებზე 4 კილოგრამი კიტრის ღირებულება 1 ლარი იყო, წელს 1 კილოგრამის ფასი 70 თეთრზე დაბლა არ ჩამოსულა. ასევე 70 თეთრი ღირს ბადრიჯანი (შარშან 3-4 კგ 1 ლარი ღირდა), ხოლო ნიორი - 2,5 ლარი. 2-2,5 ლარია მჭადის ფქვილი მაშინ, როდესაც შარშან ამავე პერიოდში მისი ღირებულება 1,5 ლარს არ ასცილებია. თითქმის იგივე ფასი დარჩა კომბოსტოზე, ხახვსა და კარტოფილზე. წელს შიდა ქართლში უხვი მოსავლის გამო, სავარაუდოდ, არც ე.წ.მინდვრის ლობიო გაძვირდება.

წარმოუდგენლად გაძვირდა ხილი. თუკი შარშან 1 კილოგრამი ატამი, საშუალოდ, 40-50 თეთრი ღირდა (ზოგიერთ აგრარულ ბაზარში 3 კილოგრამი 1 ლარი), წელს მისი ფასი 1 ლარს არ ჩამოსცდენია. უფრო მეტიც, სახლეჩი ატმის ღირებულებამ 1,5 ლარსაც კი გადააჭარბა. ისე დამთავრდა მარწყვის სეზონი, რომ მისი ღირებულება 2,5-3 ლარზე ნაკლები არ ყოფილა, ასევე საგრძნობლად ძვირია ქლიავი და 1 კილოგრამის ფასი 2 ლარია.

წინა წლებთან შედარებით, მაღალი ფასი აქვს საზამთროსა და ნესვს. კახელები იმასაც ამბობენ, რომ საზამთრო ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. რამდენიმე დღის წინ 1 კილოგრამი საზამთრო 70-80 თეთრი ღირდა, ამჯერად ფასი 50-60 თეთრის ფარგლებშია. ვაჭრების ინფორმაციით, ეს დროებითია. ბოლო დღეებში ერთბაშად ბევრი საზამთრო დაიკრიფა, ამიტომ შედარებით გაიაფდა და მალე მისი ღირებულება ისევ 80 თეთრს მიაღწევს.

გაძვირდა რძის პროდუქტებიც. 1 კგ იმერული ყველის ფასმა 6,5-7 ლარს მიაღწია, სულგუნი კი 10-12 ლარი ღირს, არადა ახლა ის პერიოდია, როდესაც ყველი ტრადიციულად ყველაზე იაფია ხოლმე.

აგრარულ ბაზრებში, სიძვირის გამო, მომხმარებლის წუწუნს ხშირად გაიგონებთ. ხილ-ბოსტნეულზე წლევანდელი ფასებით ყველა გაღიზიანებულია. თამარ კიკნაძემ ზუსტად 7 წლის წინათ დაკარგა სამსახური, ამ წლების განმავლობაში მისი ძირითადი საქმიანობა დიასახლისობა გახდა. 7 წელია ბაზარში თავად დადის და ამბობს, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ასეთი მაღალი ფასი არასდროს უნახავს.

”სიმართლე გითხრათ, ხილ-ბოსტნეულზე ასეთი ფასები ძალიან მანერვიულებს. ზამთრის დადგომის მეშინია. შარშანდელთან შედარებით, ზუსტად იგივე ხარისხის პროდუქტი ორმაგად ძვირია. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ, პომიდორი, კიტრი, ატამი, ნესვი, ვაშლატამა, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვყიდულობ. ზოგიერთი პროდუქტი 100%-ზე მეტით არის გაძვირებული. ჩემი შემოსავალი კი ერთი თეთრითაც არ გაზრდილა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩემი ოჯახის ბიუჯეტზე მწვავედ აისახება”, - ამბობს თამარ კიკნაძე.

მარიამ კიკავას მოვაჭრეებთან მუდვივად ფასების გამო უწევს წუწუნი. ისინი პასუხობენ, რომ ხარჯი გაეზარდათ, ამასთან, გვალვების გამო, მოსავლის რაოდენობა შემცირდა.

”ფასი არის საგრძნობლად მომატებული, შარშან ხილი მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო და დღე არ გავიდოდა, ეს პროდუქტი სახლში არ მიმეტანა. წელს კი მუდმივად მიზერული რაოდენობით ვყიდულობ და იმასაც ბავშვებს ვუზოგავ. ფასები გაორმაგებულია, ზოგ შემთხვევაში გასამმაგებულიც კი. მაგალითად, შარშან სამ კილოგრამ ატამს 1 ლარად ვყიდულობდი, წელს კი 1 კგ-ის ფასი 1 ლარს არ ჩამოსცილებია. სახლეჩი ატამის ფასმა კი 1,5 ლარსაც გადააჭარბა. ასევე ძალიან ძვირია საზამთრო და ნესვი. მარწყვი ისე მიილია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში არც გაიაფებულა. ხშირად მოვაჭრეებთან მიწევს კამათი ამ ფასებზე. მეუბნებიან, რომ ხარჯი გაიზარდა და რა ქნან. რეალურად კი, არაფერიც არ გაზრდილა. ალბათ, რუსეთის ბაზრის გახსნამ იქონია გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტების ყიდვა შევამცირე, ხარჯი მაინც საგრძნობლად გამეზარდა”, - ამბობს მარიამ კიკავა.

აღსანინავია, რომ წინა წლებში სურსათის გაძვირების მიზეზად ყოველთვის მიიჩნეოდა წარმოების დეფიციტი და იმპორტზე ზედმეტად დამოკიდებულება. წელს ამ მხრივ მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია, თუმცა ფასების ზრდა მაინც შეიმჩნვა.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ფასების ზრდას ქართული პროდუქტისთვის რუსული ბაზრის გახსნას უკავშირებს. მისი აზრით, ექსპორტზე მოთხოვნის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია სოფლის მეურნეობაში სასაქონლო წარმოების ჩამოყალიბებაც.

”ძირითადად გაძვირდა ის პროდუქტები, რომელიც ექსპორტზე გადის. მახსოვს, 2000 წელს ერთი ეშელონი ვაშლი გავიდა რუსეთში და 1 კგ-ის ფასი მომენტალურად 6 ლარამდე ავარდა. ამდენად, სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის გაძვირება სავსებით ნორმალურია. ასეც იყო მოსალოდნელი, თუმცა მომხმარებლისთვის, მით უმეტეს, ქალაქად მცხოვრებთათვის პოზიტივი არ არის. სამაგიეროდ, ეს ფაქტორი დიდი სტიმულია მწარმოებელი ხალხისთვის”, - ამბობს ნოდარ კაპანაძე და დასძენს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ექსპორტზე მოთხოვნა თუ შენარჩუნდება, პროდუქტი შეიძლება კიდევ უფრო გაძვირდეს, მაგრამ არა ამჟამინდელი პროპორციით.

”ბუნებრივია, ფართო მოხმარების სურსათის გაძვირება მოსახლეობაზე მძიმედ აისახება. მაგალითად, შავი ხიზილალა ათიათასჯერაც რომ გაძვირდეს, ღარიბი მოსახლეობის ჯიბეს ამით არაფერი დააკლდება. ყოველდღიური მოხმარების მცირედით გაძვირებაც კი სოციალურად გაჭირვებულ ფენას დიდ ზიანს მიაყენებს. მოსახლეობის მყიდველუნარიანობა შემცირებულია. ქვეყანაში დასაქმება არ გაზრდილა და ამ მხრივ პრობლემა კვლავ მწვავეა”, - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეზონის დამთავრების შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი კიდევ უფრო მეტად გაძვირდება და ამ თვალსაზრისით ხალხს საკმაოდ რთული ზამთარი ელის.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Price of fruit and vegetables has doubled