რისგან მზადდება საქართველოში შემოსული თამბაქო?

როდის და რამდენით გაძვირდება თამბაქოს აქციზი?

თითქმის მთელმა მსოფლიომ შეიტყო ამერიკელი ქვრივის - სინტია რობინსონის ამბავი, რომელსაც აშშ-ში სიდიდით მეორე თამბაქოს კომპანიამ, RJ Reynold-მა, მილიონობით დოლარი გადაუხადა - ეს იმიტომ, რომ კომპანია სათანადოდ არ აფრთხილებდა თავის კლიენტებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ. სინტიას ქმარი კი ქრონიკული მწეველი იყო და 36 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. სიგარეტის მოწევით გამოწვეული დაავადებებისაგან ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, დასავლეთის ქვეყნებში თამბაქოს ინდუსტრია მკაცრი კონტროლის ობიექტია. იქ თამბაქოს აქციზის ფასიც მაღალია და სიგარეტიც უფრო ძვირი ღირს. საქართველოში აქციზის ფასი ბოლოს შარშან, სექტემბერში გაიზარდა, გავრცელებული ინფორმაციით, აქციზის ფასი წელსაც გაიზრდება, რასაც თავისთავად მოჰყვება სიგარეტის გაძვირებაც. ჯერჯერობით უცნობია, როდის და რამდენით გაიზრდება აქციზის ფასი: როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის აქციზი 75 თეთრი ღირს, უფილტროსი - 20 თეთრი, ხოლო ერთი სიგარისა - 90 თეთრი.

”თამბაქოს კონტროლის ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მით უმეტეს, რომ აქციზის ეტაპობრივი გაძვირება ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გათვალისწინებული:

- ეს არის ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა თამბაქოს მოხმარების შემცირებისაკენ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული. ამავე დროს, ეს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციაა - უკვე აპრობირებულია, რომ ყველაზე შედეგიანი გზა იმისათვის, რომ ადამიანმა მოწევას თავი დაანებოს, თამბაქოს ნაწარმზე გადასახადებისა და ფასის მატებაა, რათა სიგარეტი ყველასათვის ხელმისაწვდომი აღარ იყოს, მით უმეტეს, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. ჩვენი ასოციაცია უკვე რა ხანია მოითხოვს, რომ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სკოლებიდან და სასწავლო დაწესებულებებიდან მოშორებული უნდა იყოს. რაც შეეხება ფასების მატებას, ეს ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაა ჯერ კიდევ 2005 წლიდან, როცა საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა. ამ კონვენციაში წერია, რომ სახელმწიფომ ყოველწლიურად უნდა მოუმატოს გადასახადი თამბაქოს ნაწარმს, მაგრამ რა მოხდა 2006 წელს და შემდეგში? - ნაცვლად იმისა, რომ გადასახადი გაზრდილიყო, 1,5-ჯერ შემცირდა, მთავრობამ დაარღვია ვალდებულება, რომელიც ამ კონვენციით აიღო. მხოლოდ 2010 წელს გაათანაბრეს ადგილობრივი და უცხოური თამბაქოს სააქციზო განაკვეთები: თუ ადრე 40 თეთრი ღირდა ადგილობრივ ნაწარმზე, ხოლო 60 - იმპორტირებულზე, 2010 წელს ორივეზე 60 თეთრი დაწესდა. ამის შემდეგ, 2013 წლამდე არანაირი ცვლილება ამ სფეროში არ ყოფილა. ამის გამო მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი სააქციზო გადასახადი ჩვენ გვქონდა. შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლები ამ დარგიდან იყო ძალიან მწირი, სიგარეტი კი - იაფი და მას ბავშვები და ახალგაზრდები ადვილად ყიდულობდნენ. მოგეხსენებათ, ღერებით ბავშვებს ყოველთვის ადვილად შეეძლოთ სიგარეტის ყიდვა და ახლაც შეუძლიათ. 2013 წელს დაიწყო მსჯელობა აქციზის ფასის გაზრდაზე და მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია იყო, რომ სულ მცირე, 40 თეთრით უნდა გაზრდილიყო გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე, უფილტროზე კი - უფრო მეტად, რომ მოსახლეობა უფილტრო სიგარეტზე არ გადასულიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: უფილტრო სიგარეტის აქციზი გაიზარდა მხოლოდ 5 თეთრით, ხოლო ფილტრიანისა - 15 თეთრით.

- ბატონო გიორგი, სიგარეტი ისედაც ძალიან ძვირი ღირსო - ჩივიან მწეველები.

- მოდით, დავსვათ კითხვა - რატომ? 8-9 წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული გადასახადები უმნიშვნელოდ გაიზარდა, სიგარეტის ფასი კი - ორჯერ და სამჯერ. გამოდის, რომ მოგებას იღებს არა სახელმწიფო, ან მოსახლეობა, არამედ თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც კლავს და წამლავს ადამიანებს. ამ ბიზნესს არანაირი ფისკალური ეფექტი სახელმწიფოსათვის არ ჰქონია, მაგრამ სანაცვლოდ, წლების განმავლობაში დიდი შემოსავალი მოჰქონდა ბიზნესმენებისა და მათი ლობისტებისათვის, რომლებიც მთავრობაში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ შარშან, სექტემბერში, მთავრობამ მითითებული 40 თეთრის ნაცვლად, აქციზი მხოლოდ 15 თეთრით შეამცირა, სიგარეტის ფასი მაშინვე გაზარდეს 30-40 თეთრით, რაც ყოვლად აუხსნელი ფაქტია: თამბაქოს კომპანიებს ჯერ კიდევ ჰქონდათ მარაგი, მაგრამ ფასი ხელოვნურად გაზარდეს და სიტუაციაც ხელოვნურად დაძაბეს. წესით, ფასი ნოემბერ-დეკემბერში უნდა გაზრდილიყო. საერთოდ, გაძვირების გამო აჟიოტაჟს თვითონ თამბაქოს ინდუსტრია ქმნის და არა - მოსახლეობა. სხვათა შორის, შარშან აქციზის უმნიშვნელო გაძვირებას ფისკალური ეფექტი მაინც მოჰყვა და ბიუჯეტის შემოსავალი რამდენიმე ათეული მილიონით გაიზარდა.

- გარდა აქციზის გაძვირებისა, ალბათ არსებობს სხვა მექანიზმებიც ამ სფეროს მოსაწესრიგებლად.

- დიახ, უამრავ ქვეყანაში დაწესებულია სპეციალური გადასახადი ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციაზე. ასეთი რამ ჩვენთანაც იყო 1995 წლიდან, კანონიც არსებობდა, მაგრამ წინა ხელისუფლებამ ეს კანონი გააუქმა. ძალიან კარგი, რომ ფინანსთა სამინისტრო წინასწარ არ ახმაურებს აქციზის გაზრდის ვადებს, რადგან შეიძლება თამბაქოს რეალიზატორებმა ძველი აქციზების შეძენა და მათი დასაქონლება მოასწრონ. თუ ინდუსტრიამ იცის, რომ აქციზის ფასი უნდა გაიზარდოს, ის ყველაფერს იღონებს, რომ ასე მოიქცეს.

- ბატონო გიორგი, ცნობილია, რომ ევროპაში თამბაქოს ინდუსტრია მკაცრი კონტროლის ქცეშ არის მოქცეული. რა ხდება ჩვენთან?

- ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში სრული განუკითხაობაა, რადგან ეს სფერო აბსოლუტურად დერეგულირებულია. არავინ იცის, რა შემოდის, ან საიდან... ფაქტია, რომ აქ შემოსული თამბაქოს ნედლეული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და სტანდარტებთან შეუსაბამოა. უხარისხო და ხარისხიანი სიგარეტი არ არსებობს, ყველა სიგარეტი ადამიანის ჯანმრთელობის შერყევასა და სიკვდილს იწვევს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში შემოაქვთ დაძველებული, რადიაქტიური ნივთიერებებითა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით სავსე ნედლეული, ეს სულ სხვა რამეა. ამიტომ, თამბაქოს წარმოებასა და იმპორტზე ლიცენზია უნდა იყოს დაწესებული. თამბაქოს ნაწარმი ისედაც სხვადასხვა ქიმიური მინარევით არის დაბინძურებული, მით უმეტეს, როცა მომხმარებელმა არ იცის, რა ნივთიერებებს შეიცავს სიგარეტი. საქართველოში წლების მანძილზე შემოდიოდა და შემოდის იაფი ნედლეული, რომლის თვითღირებულება ძალიან დაბალია, ხოლო მისგან მოტანილი მოგება - ძალიან დიდი. მოსახლეობა კი ორმაგად ზარალდება, რადგან ფულს იხდის საწამლავში, რომელიც მის ჯანმრთელობას სპობს. ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო წლებში ძალიან გაახალგაზრდავდა თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების, მათ შორის, ფილტვის კიბოს ასაკი.

-ცნობილია, რომ 20-30 წლის წინ საკმაოდ მაღალი ხარისხის თამბაქო მოჰყავდათ ლაგოდეხსა და მარნეულში. ხომ შეიძლება ამ წარმოების აღდგენა, რომ უხარისხო ნედლეული უცხოეთიდან არ შემოვიდეს?

-ვერ დაგეთანხმებით. კონვენციაში არის მუხლი, რომლითაც ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რომ თამბაქოს წარმოებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ან სხვა - უფრო მომგებიანი პროდუქტების წარმოებაზე გადავიდნენ. ისეთი ცნობილი ფირმაც კი, როგორიც “ფილიპ მორისია” უკვე კვების მრეწველობაზე აკეთებს აქცენტს. იმიტომ, რომ ეს საკმაოდ მავნე წარმოებაა: თამბაქოს ფოთლის დამუშავებისას გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს და ანგრევს ქალის რეპროდუქციულ სისტემას. ამიტომ, თამბაქოს წარმოების აღორძინება საქართველოში არ უნდა მოხდეს. 2040 წლისათვის ევროკავშირის ფარგლებში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი 5 პროცენტამდე უნდა შემცირდეს. იმედია, იმ დროისათვის ჩვენც ევროკავშირის წევრები ვიქნებით და ამისათვის თამბაქოს წარმოების აღდგენა ნამდვილად არ გვჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე