2019 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.0 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი 4.1 პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში წინა თვესთან შედარებით ფასები 12 პროცენტით შემცირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე.
ფასების 0.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.02 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7.0 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (22.3 პროცენტი);
სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა;
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 10.2 პროცენტიანი კლება, რამაც -1.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.