სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1 092.7 ლარი შეადგინა. თუმცა ზოგიერთ სექტორში დასაქმებულებს ანაზღაურება შეუმცირდათ. კერძოდ, თუ საფინანსო საქმიანობით დაკავებულების ხელფასი 2018 წლის პირველ კვარტალში შეადგენდა 2 305,2 ლარს, წელს პირველ კვარტალში ხელფასის მოცულობა 1 894,3 ლარამდე შემცირდა.
655,1 ლარიდან 624,6 ლარამდე შემცირდა ხელფასი სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და სატყეო მეურნეობაში დასაქმებულებისთვის. თევზჭერაში დასაქმებულების ანაზღაურება 1 214,5 ლარიდან 1 141,4 ლარამდე; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილებაში დასაქმებულების ხელფასი 1 244,7 ლარიდან 1 197,4 ლარამდე შემცირდა.
ზემოთჩამოთვლილი საქმიანობების გარდა, ხელფასი ყველას გაეზარდა. მაგალითად, სამთომოპოვებით მრეწველობაში ხელფასი ერთ წელიწადში 1 254 ლარიდან 1 373 ლარამდე გაიზარდა. დამამუშავებელ მრეწველობაში - 883,3-დან 974,4 ლარამდე; სახელმწიფო მმართველობაში - 1247,5 ლარიდან 1347,5 ლარამდე; განათლებაში - 572,2-დან 612,0 ლარამდე; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის საქმიანობით დაკავებულების საშუალო ხელფასმა კი 829,3 ლარიდან 964,7 ლარამდე მოიმატა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების - 1294.1 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 58 და 22.4 ლარი შეადგინა.