ზუგდიდში ქართული ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო

ფრანგული ტექნიკით დამზადებულ, სუტაჟის სამკაულების შემდეგ „ირდამ“ ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო.

აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია „ირდამ“ ჩანთების ხაზი რამდენიმე თვის წინ ჩაუშვა. ქართული ტყავით დამზადებული პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა ხელმისაწვდომი, თუმცა კომპანია ესპანეთში გამოფენაზეა მიწვეული.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ირინა ყორშია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ჩანთების წარმოება მოთხოვნიდან გამომდინარე დაიწყო.

ცნობისთვის, კომპანია „ირდას“ სახელოსნო 2 წლის წინ შეიქმნა. ირინა ყორშიამ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სასწავლო კურსები გაიარა, შემდეგ პროექტი დაწერა და "აწარმოე საქართველოს" და ფონდ "ტასოსგან" 7 ათასიანი და 3 ათასლარიანი დაფინანსება მიიღო.

„პროფესიით ხელოვანი ვარ და ამ ტექნიკით სამკაულებს ორი წელია ვამზადებ. როდესაც წარმოებას ვიწყებდი, ზუგდიდში პირველი ვიყავი, ვინც ამ ტექნიკაზე მუშაობდა. შემდეგ საზოგადოებამ ნელ-ნელა გამიცნო და გაყიდვებიც დაიწყო. ხშირად მონაწილეობას ვღებულობ სხვადასხვა გამოფენებში.

ახლა გავაკეთე ანალიზი, თუ რა იყო უფრო მოთხოვნადი და აღმოვაჩინე, რომ ზუგდიდში ნატურალური ტყავისგან ჩანთებს არავინ არ ამზადებს. გასულ წელს გრანტი ავიღე და საკერავი მანქანები ვიყიდე. ამ ეტაპზე ვამზადებ ჩანთებს და საფულეებს, მაქვს როგორც ქალების, ასევე მამაკაცების ხაზი. ამ ეტაპზე ჩემთან ჩემი მეგობარი მუშაობს, რომელსაც ერთი წლის წინ ტექნიკაზე მუშაობა შევასწავლე“ - განაცხადა ყორშიამ.

რაც შეეხება პროდუქტის ფასს, 50 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. „ირდას“ პროდუქტი ხელმისაწვდომია ზუგდიდში ტანსაცმლის მაღაზია fashion, ქუთაისში ქარვასლაში, ასევე შესაძლებელია ინტერნეტით შეკვეთაც. რაც შეეხება თბილისს, ირინა ყორშიას თქმით, მისი პროდუქტი განთავსებული იყო თბილისში „ქისაში“ და უახლოეს მომავალში განახლებას აპირებს.

„ჩანთებისთვის ვიყენებ თურქულ ტყავსაც, თუმცა ამ პერიოდში ქართული ტყავისგან შემნილი პროდუქტი მაქვს. თავიდან ვქმნი დიზაინს, შემდეგ იჭრება თარგები, გარკვეული დეტალებია, რომელიც ხელით კეთდება, ნაწილი მანქანით.

სხვადასხვა გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას, ამ ეტაპზე მიწვეული ვარ ესპანეთში ერთ-ერთ გამოფენაზე, ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესში ვარ.“ - განაცხადა ყორშიამ.

ლიკა ამირაშვილი