„რუსეთიდან საჰაერო შემოსვლა რომ საერთოდ გაუქმდეს, დანაკარგი დაახლოებით 250-300 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს“

„რუსეთიდან საჰაერო შემოსვლა რომ საერთოდ გაუქმდეს, დანაკარგი დაახლოებით 250-300 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს“ - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

კეპულაძე ამ პოსტით რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვის ბრძანებას ეხმაურება.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რუსეთიდან შემოსული ტურისტების მხოლოდ 20-დან 25%-მდე იყენებდა საჰაერო მიმოსვლას და ძირითადად ლარსიდან ხდებოდა გადმოსვლა 2018 წელს. საჰაერო შემოსვლა რომ საერთოდ გაუქმდეს და სახმელეთო გზით შემოსვლა განახევრდეს, დანაკარგი დაახლოებით 250-300 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს მიმდინარე წელს 2018 წელთან შედარებით, რაც მთლიანი შემოსავლების 8-9%-ია. ზრდადი ტურიზმი სხვა ქვეყნებიდან აღნიშნულ დანაკარგს კიდევ უფრო შეამცირებს,“- წერს კეპულაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. აკძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევა და დროებით იმოქმედებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.