ტურისტების მოსაზიდად ქართველებმა ახალი კამპანია წამოიწყეს - რას წერენ უცხოელები შეთავაზებაზე

8 ივლისიდან, რუსეთის მიერ საქართველოსთვის ავიამიმართულებით დაწესებული სანქციები, ახალი კამპანიის - Spend your summer in GEORGIA / გაატარე ზაფხული საქართველოში, წამოწყების მიზეზი გახდა. აღნიშნული სახელწოდების „ფეისბუკ“ ჯგუფის საშუალებით, ქართველები უცხოელებს საკუთარ აგარაკებსა და სახლებში, რამდენიმე დღიან, უფასო დასვენებას სთავაზობენ, სანაცვლოდ კი მხოლოდ ორ რამეს ითხოვენ: სოციალურ ქსელში დაწერონ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რაც მთავარია, მეგობრებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდონ. ჯგუფს უკვე 36 ათასზე მეტი წევრი ჰყავს.

„ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას და გვსურს მოგიწოდოთ, დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია - გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia. კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი. კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia“,-ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

კამპანიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოელების მხრიდან. მეტიც, მატი ნაწილი, საქართველოში გადაღებულ საკუთარ ფოტოებს ჰეშთეგით -#spendyoursummeringeorgia აქვეყნებენ და წერს, რომ აღფრთოვანებულია ქვეყნით და კიდევ ერთხელ აუცილებლად ეწვევა.

„ჩემი საუკეთესო ზაფხული გავატარე საქართველოში. 18 დღე ვიყავი. თბილი და მეგობრული ხალხი, არაჩვეულებრივი ბუნება და ხელმისაწვდომი ფასები. ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ გეწვევით“,- წერს ერთ-ერთი უცხოელი.

„გიერთდებით აზერბაიჯანიდან, მე აუცილებლად ჩამოვალ ამ ზაფხულს საქართველოში და დავრჩები 15 დღე. ჩვენ გვიყვარს საქართველო. ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ“, -წერს კიდევ ერთი პოტენციური ტურისტი.

ნინი ქეთელაური