თეთრმა სახლმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების ეკონომიკური გეგმა წარადგინა. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებს 50 მილიარდი დოლარის ოდენობით - ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
პროექტი 38 გვერდისგან შედგება და ისახავს ისეთ მიზნებს, როგორიცაა პალესტინის ტერიტორიაზე სასმელი წყლის ოდენობის ორჯერ გაზრდა და ექსპორტის სამჯერ ზრდას.
ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ გეგმა არ ითვალისწინებს კონკრეტულ ვალდებულებებს აშშ-ისთვის. როგორც ვარაუდობენ, პალესტინის ეკონომიკაში ინვესტიციების დიდი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან უნდა განხორციელდეს. თუმცა გაურკვეველია როგორ შეძლებს ვაშინგტონი ინვესტორების დარწმუნებას, ჩადონ კაპიტალი იმ ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებლობის აღიარებისთვის და იერუსალიმის სტატუსისთვის იბრძვის.
ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული გეგმა 25-26 ივნისს ბაჰრეინში დაგეგმილ კონფერენეციამდე რამდენიმე დღით ადრე წარადგინა, რომლის ორგანიზატორიც თავადაა. სწორედ აქ მოხდება აღნიშნული გეგმის დეტალური პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ პალესტინელებმა აღნიშნული გეგმა უმალ უარყვეს, ისევე როგორც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აქამდე გაწეული ყველა ძალისხმევა, მას შემდეგ რაც 2017 წელს მან იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.