რუსების გარეშე 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით, 8.3 მლნ იქნება - რამდენად დაგვაზარალებს რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება?

რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას არასამავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ეხმაურება.

მათი ცნობით, ფრენების შეჩერება, თუ ტურისტთა ნაკადები სხვა გზებით არ ისარგებლებენ, 2019 წელს საქართველოს შემოსავალს ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით შეამცირებს.

„თუ დავუშვებთ ყველაზე რადიკალურ სცენარს, რომ ივლისიდან საქართველოში რუსი ვიზიტორი საერთოდ აღარ შემოვა, 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 8.3 მილიონი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე მეტია.

რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% კი საჰაერო ტრანსპორტით. 2017 წელს ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 984 ლარი (400 დოლარი) დახარჯა საქართველოში.

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, თუ ტურისტთა ნაკადები სხვა გზებით არ ისარგებლებენ, 2019 წელს საქართველოს შემოსავალს ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით შეამცირებს,“-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ყველა ფაქტობრივი სტატისტიკური ინფორმაციის წყარო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევა და დროებით იმოქმედებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.

თაია არდოტელი